Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ ვაშინგტონში ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია (მარჯვნივ) 3 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია (მარჯვნივ) 3 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის „გადატვირთვისთვის” მზადყოფნა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება - ქართულმა მხარემ ეს პოზიცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში 3 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე გამოხატა.

  • აშშ-ს მეორე წელია შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
  • „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 3 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული იყო ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის დაგეგმილი შეხვედრის ანონსი. შეხვედრის შემდეგ მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს 3 თებერვალს არ გაუვრცელებია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 თებერვალს, გვიან ღამით გავრცელებული ცნობით, „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას”.

სამინისტროს ზოგადი ინფორმაციის თანახმად, განხილული იყო „რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები” და „ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას „ომის პარტიის", თუ „დიპ სტეიტის" ქმედებებს უკავშირებს, იმედს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG