შაბათს, 21 მარტს პრაღაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას, სხვადასხვა წყაროს შეფასებით, 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი დაესწრო. ჩეხეთის დროშებთან ერთად აქციაზე მრავლად იყო ევროკავშირის, უკრაინისა და ნატოს დროშაც.
დემონსტრანტების უმრავლესობას ასევე ეკეთა გულსაბნევი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის გამოსახულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა უპირისპირდება.
„აქ ვართ, რომ მკაფიოდ დავუპირისპირდეთ ჩვენი ქვეყნის იმ გზაზე გადათრევას, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი გადიან“, - უთხრა მომიტინგეებს მიკულაშ მინარჟმა, „მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა.
„მოვედი, რადგან მაღელვებს ჩემი ქვეყნის ბედი. მაბრაზებს, რომ მთავრობა ცდილობს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას“
„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და მინდა, რომ ეს შევინარჩუნო ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ამიტომაც ყველამ უნდა ვილაპარაკოთ…“ - ამბობდნენ აქციის მონაწილეები. მათი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდა, ნაწილი კი დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდა. დემონსტრანტების ეს კომენტარები ასახავდა იმ ძირითად შეხედულებებსა და მოთხოვნებს, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს აერთიანებდათ.
ამ სტატიაში გიყვებით, რა დგას ჩეხეთში მასობრივი სახალხო პროტესტის უკან.
ბაბიშის პოლიტიკა
ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 2017-2021 წლებშიც იყო. იგი ხელისუფლებაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მისმა პოპულისტურმა პარტიამ 2025 წლის ოქტომბერში ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და უმრავლესობის მოსაპოვებლად ევროკავშირის საწინააღმდეგო, მეტწილად პრორუსული კოალიცია შექმნა ორ მცირე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად.
მართალია, ბაბიშის მთავრობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს, თუმცა ის ამტკიცებს, რომ „პროევროპელია“ და სურს, რომ „ევროპამ კარგად იმუშაოს“.
საარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაუპირისპირდებოდა ნატოს სამხედრო ხარჯების გაზრდის გეგმასა და ევროკომისიის „მწვანე შეთანხმებას“. გამარჯვების შემდეგ ბაბიშის კოალიცია საკუთარი იდეების ერთგული დარჩა და ბევრი საკამათო გადაწყვეტილების მიღება დაიწყო.
„ევროკომისიამ უკრაინის დაფინანსების სხვა გზები უნდა იპოვოს…ჩვენ სხვა ქვეყნებისთვის ფული არ გვაქვს…“ - თქვა ბაბიშმა დეკემბერში. მისი საარჩევნო კამპანიაც ძირითადად ჩეხეთის ინტერესების წინ დაყენებას ეფუძნებოდა. ბაბიშმა გამარჯვების შემდეგაც არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება ნატომ და ევროკავშირმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.
პრემიერ-მინისტრმა უარყო ევროკავშირის ძირითადი მიგრაციული პოლიტიკაც, რომელიც წევრ სახელმწიფოებში 2024 წელს დაამტკიცეს თავშესაფრის მაძიებლების თანაბრად გადასანაწილებლად.
ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის უარყოფის პარალელურად, ბაბიშმა დააანონსა მიგრაციის საკუთარი გეგმაც, რაც „არალეგალური მიგრაციის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას“ გულისხმობს.
ბაბიშის მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის და აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, შეამცირა თავდაცვის ხარჯებიც, რაც ნატოს მიერ დადგენილ მიზნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
„ერთი აგენტი მართავს ყველაფერს” - ჩეხური FARA
ბაბიშის პოპულისტური მთავრობის წინააღმდეგ უკმაყოფილება მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებს არ უკავშირდება. საზოგადოების უკმაყოფილებას ამძაფრებს შიდა პოლიტიკური პროცესებიც.
დემონსტრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე, რომელსაც ისინი სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მორიგ მცდელობად აფასებენ და აღწერენ, როგორც „რუსული სტილის შეზღუდვას“. სწორედ ეს საკითხი გახდა ერთ-ერთი დამატებითი მიზეზი, რომელმაც პროტესტის მასშტაბი და ტონი კიდევ უფრო გაამძაფრა.
„ერთი აგენტი მართავს ყველაფერს“ - აქციაზე მრავლად იყო მსგავსი შინაარსის პლაკატები და კარიკატურები, სადაც ბაბიში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად იყო გამოსახული.
ჩეხეთში ინიციირებული სადავო კანონპროექტი უცხოური დაფინანსების, პარტნიორობის ან სხვა საერთაშორისო კავშირების მქონე სუბიექტებს ავალდებულებს, თავიანთი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო მონაცემთა ბაზაში გამოაქვეყნონ. შეუსრულებლობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები გამოიწვიოს.
მმართველი კოალიციის მხარდამჭერები წინადადებას აღწერენ, როგორც „გამჭვირვალობის ინსტრუმენტს“, რომელიც შექმნილია აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოდელის მიხედვით და რომელიც მოითხოვს, რომ უცხოური მთავრობების ან ორგანიზაციების სახელით მოქმედი ლობისტური ჯგუფები ან პირები გაცხადებულად ეწეოდნენ საქმიანობას.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ შედარება შეცდომაში შემყვანია, რადგან ჩეხეთის წინადადება გავრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელსაც აქვს უცხოური დაფინანსება ან კავშირები და არა მხოლოდ მათზე, ვინც მოქმედებს უცხოური ძალის სახელით.
კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ნატალია ვახატოვას, რუსეთთან კავშირები აქვს - მისი ოჯახის წევრი ბიზნესს რუსეთში აწარმოებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ბანკებთან.
„ტოტალიტარიზმის რუსული რეცეპტი“ უწოდა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბაბიშის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა „ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან!“
საზოგადოებრივი მაუწყებლების მომავალი ბაბიშის ხელში
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობას უკავშირდება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ დავკარგოთ საზოგადოებრივი მედია, რადგან თუკი დავკარგავთ მედიას, ეს იქნება დემოკრატიის დასასრულის დასაწყისი“, - თქვა შაბათის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბაბიშის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების მოდელის შეცვლა. ისინი გეგმავენ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის დაწესებული ლიცენზიის გადასახადი გააუქმონ და ჩაანაცვლონ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
ლიცენზიის გადასახადი ითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ბაბიშის გეგმა ჩეხეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი დაფინანსების პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებაა.
ჩეხეთის ტელევიზიასა და რადიოს ქვეყნის მასშტაბით ამჟამად ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს. ლიცენზიის საფასურით საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო ყოველწლიურად დაახლოებით 450 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობით აიხსნება ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკაც.
თაღლითობის საქმე და მოუხსნელი იმუნიტეტი
მასშტაბური აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებდნენ პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ მოეხსნა იმუნიტეტი ანდრეი ბაბიშს. საქმე ეხება ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებულ 2 მილიონი დოლარის თაღლითობის სქემას.
სასამართლომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ორჯერ გაამართლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები გააუქმა იმ მოტივით, რომ მათ მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასეს და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოსთხოვა.
ბაბიში ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
საქმე ეხება ბაბიშის ბიზნესკონგლომერატთან დაკავშირებულ „ყარყატის ბუდის“ სახელით ცნობილ ფერმას, რომელმაც ევროკავშირისგან 2 მილიონი დოლარის სუბსიდია მიიღო.
იმისთვის, რომ ეს ფული მიეღო, „ყარყატის ბუდე“ ფორმალურად გამოიყვანეს უდიდეს ბიზნესჯგუფ „აგროფერტის“ შემადგენლობიდან და ასევე ფორმალურად გადააფორმეს ანდრეი ბაბიშის ოჯახის წევრების სახელზე, რადგან სუბსიდიები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის იყო განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ „აგროფერტი“ ამ დახმარებას ვერ მიიღებდა. მოგვიანებით ეს სუბსიდია უკან დააბრუნეს.
ბაბიშისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობაზე უარი ნიშნავს, რომ მას სასამართლო პროცესზე წარდგენის ვალდებულება მხოლოდ 2029 წელს, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ექნება.
ფორუმი