აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით დაიმუქრა იმ მიზნით, რომ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა მოეხდინა და მათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის "ნებაყოფლობითი კოალიციის" შექმნაში მონაწილეობა მიეღოთ, - იტყობინება დისკუსიების შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით Financial Times-ი 1 აპრილს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი დაიმუქრა, რომ შეაჩერებდა მიწოდებებს PURL-ისთვის — უკრაინისთვის ნატოს იარაღის შესყიდვის ინიციატივისთვის, რომელიც ევროპული ქვეყნების მიერ ფინანსდება.
Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით 31 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთი და იტალია ესპანეთს შეუერთდნენ აშშ-ისრაელის საომარი ოპერაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში - იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოში ევროპელი მოკავშირეები გამოარჩია და მათი მხრიდან დახმარების ნაკლებობაზე ილაპარაკა ირანის წინააღმდეგ ომში.
მიმდინარე თვეში ტრამპმა ნატოელ მოკავშირეებს "ლაჩრები" უწოდა, ირანის წინააღმდეგ არასაკმარისი მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. 31 მარტს მან მძაფრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს არ ეხმარებიან ირანის წინააღმდეგ ომში.
"საფრანგეთის სახელმწიფომ არ გასცა უფლება, ისრაელისკენ მიმავალ, სამხედრო მასალებით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაეფრინათ. საფრანგეთმა ნამდვილად არ გასწია დახმარება 'ირანის ყასბის' წინააღმდეგ, რომელიც წარმატებით იქნა განადგურებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს!!!" - წერდა ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.
ფორუმი