Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დსთ-ს ფუძემდებლური დოკუმენტის და წესდების დენონსაციას

2026 წლის 2 აპრილს მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) ფუძემდებლური დოკუმენტების დენონსაციას
2026 წლის 2 აპრილს მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) ფუძემდებლური დოკუმენტების დენონსაციას

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) შექმნის შესახებ 1991 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა და ამ ორგანიზაციის წესდების დენონსაციას.

დსთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ყოფილი რესპუბლიკების უმრავლესობის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა.

მოლდოვის პარლამენტში კენჭისყრა 2 აპრილს ჩატარდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიციირებული და მთავრობის მიერ 11 მარტს დადასტურებული გადაწყვეტილება პარლამენტმა უმრავლესობით, 60 ხმით მიიღო. ხმა წინააღმდეგ მისცეს სოციალისტმა და კომუნისტმა დეპუტატებმა.

მოლდოვის მიერ დსთ-ს ფუძემდებლური დოკუმენტების დენონსაციის უმთავრესი მიზეზია ორგანიზაციის წევრი რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევა. კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის ჯარების უკანონოდ ყოფნა მოლდოვის ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დსთ-ს ფუძემდებლური დოკუმენტების დენონსაცია ბუნებრივი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

  • მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და დღემდე 70-მდე შეთანხმების დენონსაცია განახორციელა. კიშინიოვი ჯერჯერობით რჩება გაერთიანების ფარგლებში გაფორმებული სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალური შინაარსის რამდენიმე ხელშეკრულების მონაწილედ.
  • დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებად რჩებიან: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.





ფორუმი

XS
SM
MD
LG