საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 აპრილს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის დამცინავი კომენტარები მისი და მისი მეუღლის ურთიერთობის თაობაზე პასუხის ღირსი არაა და რომ ისინი „არც ელეგანტურია და არც ნორმების შესაბამისი“.
თუმცა ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებისა და ნატოს გამო რამდენიმედღიანი დაძაბულობის შემდეგ აშკარად გაღიზიანებულმა მაკრონმა საკუთარი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ზედმეტად ბევრი ლაპარაკია“ და „ეს შოუ არ არის“.
1 აპრილს ტრამპმა დასცინა საფრანგეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კერძო სადილზე, როდესაც გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგული აქცენტის იმიტაციით თქვა, რომ მაკრონს ცოლი „ძალიან ცუდად ექცევა“ და რომ მაკრონი კვლავ „გამოჯანმრთელების პროცესშია მას შემდეგ, რაც მარჯვენა მოხვდა ყბაში“.
სეულში ვიზიტის დროს მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჟიტი ახლდა თან, განაცხადა, რომ ტრამპის კომენტარები „არც ელეგანტური იყო და არც სტანდარტების შესაბამისი“.
„ამიტომ, მე მათზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ - ისინი პასუხის ღირსი არ არის", - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამის ნაცვლად ყურადღება უნდა გამახვილდეს ახლო აღმოსავლეთში „დეესკალაციისკენ მიმართულ სამუშაოებსა“ და ცეცხლის შეწყვეტაზე.
„ზედმეტად ბევრი ლაპარაკია, და ყველაფერზე“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრამპის მრავალრიცხოვან პოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობდა.
„ყველას გვჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, მშვიდობის დაბრუნება - ეს შოუ არ არის!“ - თქვა მაკრონმა.
ტრამპის ბოლო გამოსვლამ მაკრონის წინააღმდეგ გააბრაზა ფრანგი პოლიტიკოსები, მათ შორის ოპონენტებიც.
ტრამპმა მაკრონს და ფრანგებს დასცინა ვიდეოში, რომელიც თეთრი სახლის YouTube-არხზე ცოტა ხნით გამოქვეყნდა, სანამ მასზე წვდომა დაიბლოკებოდა.
მაკრონი ამბობს, რომ ტრამპის ხუმრობა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობაზე „პასუხის ღირსი არაა“
ფორუმი