ბოლო დღეებში მიუსაფარი ძაღლების ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან „გაქრობასთან“ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, აქტივისტები „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში მივიდნენ.
აქაა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი.
თავდაპირველად აქცია მიმდინარეობდა თავშესაფრის შესასვლელთან, შემდეგ კი დემონსტრანტები თავშესაფრის ტერიტორიაზეც შევიდნენ, უშუალოდ ცხოველების ვოლიერებთან.
„სულ ღია უნდა იყოს“
„რეალურად, აქ მოყვანილი ძაღლების უმრავლესობა კვდება მოუვლელობით, კვდება დაძინებით, ხოლო ნაწილს ყრიან ქუჩებში“, - თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ, აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
„ასობით ძაღლი გაქრა ამ ბოლო პერიოდში და გუშინდელი კრემატორიუმების კატასტროფის შემდეგ, კალაძემ, ნაცვლად იმისა, რომ მიდგომა შეეცვალა, გაორმაგებული ტემპით დაიწყო თბილისში ძაღლების დაჭერა“, - თქვა მან.
მოგვიანებით ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ თავშესაფარში შეუშვეს „წართმეული ძაღლების მიმკედლებლები“:
„დღეს რომ შემოვაღწიეთ ამდენი ჩხუბით და დავიდარაბით და აქციის შემდეგ, გამონაკლისი კი არ უნდა იყოს, ღია უნდა იყოს მუნიციპალური თავშესაფარი“, - ამბობს ის ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში.
მერია, თავის მხრივ, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მოქალაქეთა ნაწილი არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი“.
„ანტისანიტარია“
დემონსტრანტების თქმით, შესულებს დახვდათ „ანტისანიტარია“ და არაერთი ცხოველი „გაუსაძლის“ მდგომარეობაში.
„თუ სასაკლაო არ არის, აგერ, ძაღლი კვდება და არც ვეტერინარი ეკარება და არც არავინ. განავალი და ექსკრემენტებიც აქ არის, ასეთ მდგომარეობაშია ეს ცხოველი“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
„დაუჩქარეთ... გამობრძანდით და იქ [გამართეთ აქცია]“, - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში პოლიციელი.
მას შემდეგ, რაც კვლავ გარეთ გავიდნენ, აქციის მონაწილეებთან გავიდნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოუწოდეს მოქალაქეებს, გამოეყოთ რამდენიმე წარმომადგენელი, რათა საუბარი დახურულ კარს მიღმა გაეგრძელებინათ.
მოგვიანებით თბილისის მერიამ განაცხადა, რომ „მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა“ და „ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში“.
„გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები“ - მერია
„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“, - აცხადებს მერია.
„უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დედაქალაქის მერია ასევე წერს, რომ თავშესაფარში „დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები“ და „თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ“.
„ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კონტექსტი
ბოლო რამდენიმე კვირაა, ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ საქართველოს ქალაქებიდან მიუსაფარი ძაღლები „ქრებიან“.
ცხოველთა უფლებების დამცველები ითხოვენ, რომ ქუჩის ძაღლების რაოდენობა ჰუმანური მეთოდებით შემცირდეს - სტერილიზაციით და არა მათი განადგურებით.
სურსათის ეროვნულმა სააგენტო ამუშავებს პროგრამას, რომელიც 36 000 ცხოველის სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, აქტივისტები ამბობენ, რომ ქალაქებიდან ძაღლები მიჰყავთ, მათ შორის უკვე აცრილები და სტერილიზებულებიც და უკან აღარ აბრუნებენ.
ცხოველთა უფლებების დამცველების ვარაუდით, ძაღლებს აძინებენ ან უკაცრიელ ადგილებში ტოვებენ, სადაც მათ შიმშილით სიკვდილი ელით.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ტყუილია თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. სინამდვილეში მათ ეტაპობრივად აბრუნებენ იმ ტერიტორიის მიმდებარედ, საიდანაც აიყვანეს, იმ ძაღლებს კი, რომლებიც სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ან საავადმყოფოებთან ცხოვრობდნენ - მოშორებით.
სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა აცხადებს, რომ ამიერიდან ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ სოციალურ ქსელში წინასწარ გამოაქვეყნებენ. ყველას წინასწარ ეცოდინება, სად გაუკეთებენ ძაღლებს ვაქცინაციას, კასტრაციას თუ სტერილიზაციას.
ცხოველთა უფლებების დამცველები 4 აპრილს, შაბათს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქციას აანონსებენ.
ფორუმი