Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაურის საქმეს აქვს გრიფი "სრულიად საიდუმლო" - ადვოკატი

ფოტო არქივიდან: გიორგი უძილაური
ფოტო არქივიდან: გიორგი უძილაური

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, წარსულში ჟურნალისტისა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის, საქმეს ადევს გრიფი "სრულიად საიდუმლო". ამის შესახებ ჟურნალისტებს უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა უთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - უწყებაში იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფსაც შეხვდა.

"ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ", - აღნიშნა მან.

საქმეზე არსებული გრიფის გათვალისწინებით, ბექა გულედანმა თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

პროკურატურა გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საკითხზე სასამართლო დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება 6 მაისს წარუდგინა, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე,

რა წერია პროკურატურის ბრალდებაში

პროკურატურის თანახმად, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას".

მოსალოდნელი სასჯელი

გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უძილაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია 5 მაისს გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, თუმცა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.

როგორ გამოიძიეს საქმე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გიორგი უძილაური „თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“.

გიორგი უძილაური და ბიძინა ივანიშვილი

ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

სხვა დაკავებული სახელმწიფო უწყებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG