საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო BM.ge-მ გაავრცელა.
როგორც კომპანია Italiana Petroli-ს მიერ ლევან დავითაშვილის გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, გადაწყვეტილება მიღებულია აზერბაიჯანული ნავთობკომპანია SOCAR-ის მიერ Italiana Petroli-სა (IP) და API Holding-ის აქციების 99,82%-ის შესყიდვის შესახებ მიღწეული შეთანხმების შედეგად.
კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ "დავითაშვილი ფლობს იტალიურ ენას და აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება". ამასთან, ის 2025 წლიდან SOCAR-ის დირექტორის მრჩეველი იყო.
SOCAR-ისა Italiana Petroli-ს გარიგება
უმსხვილესი იტალიური ნავთობკომპანია Italiana Petroli-ს 99,82%-ის წილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 2,9 მილიარდ ევროდ შეიძინა. გარიგებაზე მუშაობა 2025 წლის სექტემბერში დაიწყო და საბოლოო ნებართვა კომპანიამ 2026 წლის მაისში მიიღო.
ლევან დავითაშვილმა საქართველო 2026 წლის თებერვალში დატოვა
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველო 2026 წლის თებერვალში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ ბიუროში გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
ლევან დავითაშვილმა bm.ge-ს უთხრა, რომ ქვეყანა საქმიანი ვიზიტის გამო დატოვა.
რა თქვა ლევან დავითაშვილმა?
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ისაუბრეს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგების საკითხზე. მან რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „განვიხილეთ“.
სუსის პასუხი: უზუსტობა დავითაშვილის კომენტარში
ლევან დავითაშვილის კომენტარის მოსმენის შემდეგ სუსმა პროსახელისუფლებო „იმედს“ აცნობა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის კომენტარი ორ უზუსტობას შეიცავდა:
- „დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“;
- „გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი“.
რატომ დაიბარეს დავითაშვილი სუსში?
ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ სუსში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი დაბარებულნი არიან სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
გამოძიება ეხება „ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან“ დადებულ ხელშეკრულებას, თუმცა სუსში სახელი არ დააკონკრეტეს.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში განაცხადა, რომ დეტალები არც მან არ იცის, თუმცა თქვა:
„ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.
რა ვიცით დავითაშვილზე?
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა, - სამ დღეში მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
- მიქაუტაძეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის“, კერძოდ კი, 2 556 192 ლარის „უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას“ ედავებიან.
- მიქაუტაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს შორის, რომლებზეც 2025 წლიდან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები აღიძრა.
- მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დავითაშვილი დაინიშნა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში; ასევე, გახდა ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
- თუმცა ეს თანამდებობები რამდენიმე თვეში დატოვა. ინფორმაცია მისი „კერძო სექტორში გადასვლის“ შესახებ მედიას 2025 წლის ოქტომბერში დაუდასტურა ირაკლი კობახიძემ.
- დავითაშვილი 2025 წლის 26 სექტემბერს დაინიშნა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ - ეს არის კომპანია, რომელიც ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდება.
- „ბლექ სი პეტროლიუმის“ აქციების 70%-ზე მეტს ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია „მკ კაპიტალი“ ფლობს.
ფორუმი