2026 წლის 27 მაისს დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებსაც 2025 წლის თებერვალსა და ივლისში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის საქმეზე არიან მსჯავრდადებული.
28 მაისს გაირკვა, რომ ახლად დაკავებულებს ბრალად ედებათ „ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა“ და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიგა ავალიანის მკვლელობა
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს.
მან 23 დღეს იცოცხლა, 2025 წლის 24 ოქტომბერს კი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- ადგილზე ორი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მესამეც დააკავეს დანაშაულის დაგეგმვის ბრალდებით.
- შემდეგ კიდევ ორი დააკავეს დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლებით.
- შედეგად, ამ საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
ხუთს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა
2026 წლის 8 აპრილს გამოცხადდა სამი დაკავებულის განაჩენი, არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით:
- ა.გ. და გ.რ - 10 წელი და 6 თვე;
- დ.ჩ. - 6 წელი და 9 თვე იქნება.
2026 წლის 27 მაისს სასამართლომ კიდევ ორი არასრულწლოვანი - დ.ჩ. და ა.ნ. ცნო დამნაშავედ. მათთვის მისჯილი წლების რაოდენობას მოსამართლე 2 ივნისს გამოაცხადებს.
ხუთივე მათგანს უშუალოდ გიგა ავალიანთან დაკავშირებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
დღევანდელი სიახლე კი ძველ ამბებს უკავშირდება, - ფაქტებს, რაც, გამოძიების ვერსიით, გიგა ავალიანზე ძალადობამდე თვეებით ადრე მოხდა და არაფერი აკავშირებს პედაგოგთან, - მოძალადეების ვინაობის გარდა.
როგორ გაგრძელდა საქმე
პროკურატურამ 2026 წლის 10 თებერვალს განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულთა პირველი სამეული სხვა სავარაუდო დანაშაულშიც ფიგურირებდა.
კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ 2025 წელს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდში.
გამოძიების ვერსიით, ისინი წინასწარ შერჩეულ ადამიანებს სოციალური ქსელით, გოგონების სახელით, შეხვედრაზე იტყუებდნენ, თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ძალადობის ვიდეოებს თავად იღებდნენ და ავრცელებდნენ.
რა არის სიახლე?
დღეს, 2026 წლის 28 მაისს, პროკურატურამ თქვა, რომ „ასეულობით საგამოძიებო მოქმედება“ ჩაატარა, რაზე დაყრდნობითაც განაცხადა, რომ:
- 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ამ საქმეზე დაკავებულთა პირველმა სამეულმა (მათ, ვისი განაჩენიც უკვე ცნობილია: ა.გ, გ.რ, დ.ჩ.), „სხვა პირებთან“ ერთად, დანაშაული ჩაიდინა.
პროკურატურის განცხადებით ირკვევა, რომ სამართალდამცავებმა 27 მაისს დააკავეს ორი ახალგაზრდა.
საგამოძიებო უწყება ასახელებს მათს სახელებს, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ისინი სრულწლოვანები ან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ეპიზოდში იყვნენ თუ არა.
მათი ინიციალებია დ.კ. და ი.ს.
ამ ხუთეულმა და „სხვა პირებმა“ - წერს პროკურატურა - „იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
ისინი „ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს“.
ბრალდების მტკიცებითვე, ახლა უკვე 2025 წლის ივლისში, ა.გ, გ.რ, და ორი „ახალი ბრალდებული“ - „სხვა პირებთან ერთად“ - „ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს“.
ფორუმი