Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსულ Inter Rao-ს კომპენსაციას შეთანხმებული გრაფიკით უხდის - მინისტრის მოადგილე

გიორგი კაკაურიძე.
გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ საქართველო რუსულ Inter Rao-ს, არბიტრაჟით დაკისრებულ კომპენსაციას, გაწერილი ვადების მიხედვით უხდის. მან გამოცემა BMG-სთან, რომელმაც ამ საკითხზე დაუსვა კითხვა, კონკრეტული თანხა არ დაასახელა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გადასახდელი თანხა „უფრო ნაკლებია საბოლოო ჯამში, ვიდრე შეთანხმებამდე იდგა ვალდებულება“.

ბოლო ცნობებით, საქართველოს რუსული კომპანიისთვის, რომელიც თბილისში ელექტრომიმწოდებელი კომპანია სს თელასის 75%-ს ფლობდა, 111 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, რასაც ემატებოდა $28 მილიონის ოდენობის პროცენტი. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო უფრო ნაკლებ თანხას იხდის, “ვიდრე შეთანხმებამდე იდგა ვალდებულება“.

„კომერციული საიდუმლოებაა და არ სურს კომპანიას კონკრეტული შეღავათი, რაც მოხდა ის გაასაჯაროვოს“, - ამბობს კაკაურიძე.

შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, გადახდა შვიდ ეტაპად უნდა მოხდეს.

დავა საქართველოსა და Inter Rao-ს შორის

2017 წელს ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Inter RAO Gardabani Holdings-ის შვილობილმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს და ასევე Silk Road Holdings ფლობს, რომლის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია „თელასის“ 75 პროცენტი. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

რუსულ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.

კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

რას ითხოვდა კომპანია

Inter Rao მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებას მისთვის მიეცა 200 მილიონი დოლარი - ეს ის თანხაა, რომელიც კომპანიის შეფასებით, მან ლარის გაუფასურების გამო დაკარგა. კომპანია უთითებდა მთავრობასთან 2011 წლის მარტში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც, გარანტია ჰქონდა, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის პასუხი

ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე 2021 წელს, როცა ცნობილი გახდა კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ამბობდა, რომ „ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG