„საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვადასტურებ მიდგომას, რომელიც არ შეცვლილა: ჩვენ, როგორც საგარეო პოლიტიკის განმხორციელებელი უწყება, მზად ვიყავით და ვართ ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოსთან გავხსნათ, აღვადგინოთ დიალოგი როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ალბათ ხართ საქმის კურსში, რომ მათ შორის ადამიანის უფლებათა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგზე იყო "ქართული ოცნება" მზად, თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო თვითონ ევროკავშირმა თავის შეიკავა იმ არგუმენტების მოსმენისგან, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებაში მრავლად არსებობს.
ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული ეს კანონი ემსახურება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - თქვა თოთლაძემ.
გუშინ, 16 ივნისს, ლუქსემბურგში ვიზიტის დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ კოლეგებს სთხოვა ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება.
მისი თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტარები დაინტერესდნენ, „რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში“.
„ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე“, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრების შემდეგ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დიალოგის განსაახლებლად:
„მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს [იგულისხმება „აგენტების კანონი“ - რ.თ.]. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსების მიღებაში, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - შეუჩერდება თუ არა ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
- უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის წლიურ, ბოლო, 2025 წლის 19 დეკემბრის ანგარიშში ევროკომისია მიუთითებდა, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
- 2026 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება. ეს ანგარიში, თუკი თბილისმა არაფერი შეცვალა მოწოდებების მიუხედავად, სავარაუდოდ, გაიმეორებს ყველა იმ მკაცრ და უარყოფით ფორმულირებას, რაც წინა ორ ანგარიშში ჰქონდა ევროკომისიას.
- რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ბრიუსელის წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.
ფორუმი