სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ამბობს გამოძიება
საგამოძიებო უწყების თანახმად, დადგინდა, რომ 2026 წლის 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
"ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა.
2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში, ევგენია მაისურაძის ქუჩა N45 ა-ში, N3 ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა", - წერს საქართველოს პროკურატურა.
უწყება ბრალდებულის დაკავებას მოითხოვს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
20 წლის ფატიმა კერიმოვას ცხედარი, თბილისში ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში, პოლიციამ 26 ივნისს, საღამოს აღმოაჩინა. ის 30 ივნისს დაკრძალეს აზერბაიჯანში.
ფატიმას და ზულეიხა კერიმოვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვარაუდობდა, რომ მათმა ბიძაშვილმა, მკვლელობაში ბრალდებულმა 26 წლის ემინ ალიევმა საქართველო დატოვა და თურქეთში გაქცევა მოახერხა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოხატა მზაობა ჩაერთოს ქართული მხარის მიერ დაწყებულ გამოძიებაში
ფორუმი