Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში არასასურველად გამოაცხადეს HRF, რომელსაც იულია ნავალნაია ხელმძღვანელობს

იულია ნავლნაია. გმუნდი, 19 აპრილი, 2024.
იულია ნავლნაია. გმუნდი, 19 აპრილი, 2024.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად გამოაცხადა ორგანიზაცია Human Rights Foundation, რომელსაც ოპოზიციონერის პოლიტიკოსი იულია ნავალნაია უდგას სათავეში. ამის შესახებ სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.

ფონდი 2005 წელს დაარსდა შეერთებულ შტატებში. ნავალნაია მას 2024 წელს ჩაუდგა სათავეში. მანამდე მას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთ მცხოვრები კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი.

გენერალურმა პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა ფონდის პროექტზე Tyranny Tracker, რომელმაც „მისი შემქმნელების თქმით, რუსეთის ფედერაცია „სრულიად ავტორიტარულ რეჟიმად“ გამოაცხადა“.

„თავისი მტკიცებების დასასაბუთებლად ფონდი თავის რესურსებს ხარჯავს ისეთი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ახდენს, და მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა უკვე არასასურველად იქნა მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში“, ამტკიცებს გენერალური პროკურატურა და დასძენს, რომ Human Rights Foundation „მონაწილეობს აშშ-ის ადმინისტრაციისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით“.

ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადება ნიშნავს მისი საქმიანობის აკრძალვას რუსეთში და საფრთხეს იმათთვის, ვინც მასთან თანამშრომლობს.

ნავალნაიას და HRF-ს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე.

იულია ნავალნაია არის რუსეთში დევნილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, 2024 წელს პატიმრობაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მეუღლე. დასავლეთი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნი ლეტალური საწამლავით მოკლეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG