Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყო

გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება „სამშობლოს ღალატის“ მუხლით დაიწყო. 

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა მუხლით, სამშობლოს ღალატისთვის პასუხისმგებლობა რამდენიმე მუხლით არის განმარტებული. პროკურატურა ამ შემთხვევაში 318-ე მუხლზე მიუთითებს, რომელიც საბოტაჟს გულისხმობს.

ამ მუხლით, „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“.

რას ედავებიან ბარამიძეს?

ორი კვირის წინ YouTube-ში გამოქვეყნდა გადაცემა „საქართველოს დაბადების“ მორიგი ეპიზოდი, რომლის სტუმარიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე. 18 ივლისს განთავსებული გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა, მან ასეთი რამ თქვა:

„პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ ჩვენი, გაგრა რომ დაეცა, მეფარიშვილის ბატალიონი ერქვა, იბრძოლეს ბოლომდე ბიჭებმა, უბრალოდ, ტყვია-წამალი დაუმთავრდათ და 45 კაცი ჩავარდა ტყვედ.

ვთქვი, რომ წავალ სოხუმში და იქ ვიღაცას დავუკავშირდე „წითელი ჯვარის“ მეშვეობით, იქნება დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ის ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი "წითელი ჯვრის" დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში...

შევედი, ვთქვი: „გამარჯობა, გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი, გიპოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ...“

მისი ნათქვამის ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც მას აკრიტიკებდნენ, არ მოხვდა.

გადაცემის მიღმა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იწყება სიტყვებით, რომლებიც მანამდე ნათქვამის გაგრძელებაა: „მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.

ამ დროს გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ იკითხა: „რატომ?“

გიორგი ბარამიძემ მას უთხრა, რომ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“.

- წამყვანი: „რატომ იყო ეს აუცილებელი?“

- ბარამიძე: „აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია..."

- წამყვანი: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“

- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.

რას ამბობს გიორგი ბარამიძე?

პროკურატურის განცხადებამდე 12 საათით ადრე, გიორგი ბარამიძემ ფეისბუკში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ „მის ნათქვამს“ „ქოცურმა მედიამ“ „კუდი მოაბა“, „არაქოცური საზოგადოების“ ნაწილმა კი ის არასწორად გაიგო.

„ბევრს არც აქვს ეს ინტერვიუ ნანახი და ამოგლეჯილად რაც გავრცელდა, იმაზე დაიწყეს მსჯელობა. თითქოს მე რომ ვთქვი, რომ ომის პირველ კვირებში, ხანებში, როცა მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით, პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე იყვანდა ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა ტყვეები იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.

„ხვრეტდნენ“ არ ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო და ქართული ჯარი „ხვრეტდა“ - ჩვენ სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ, ჩვენებს არ აჰყავდათ ტყეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ადამიანს მამას, შვილს, ბიძაშვილს მოგიკლავენ, სულ არ არის მათგან გასაკვირი, რომ არ დაინდოს მტერი...“

პროკურატურის განცხადების შემდეგ კი გიორგი ბარამიძემ ფეისბუკზე დაწერა:

„არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!

სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“.

„პროკურატურა გადააქცია რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად“ - „ნაციონალური მოძრაობა“

პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს. მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“:

„გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში.

სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ“.

აფხაზეთის ომის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. წელს 34 წელი შესრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG