რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათის, 7-8 აგვისტოს ღამით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალებმა „გადაიტაცეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 397 უკრაინული დრონი.
უწყების ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, პენზის, როსტოვის, რიაზანის, სამარის, სარატოვის, ტამბოვისა და ტულის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის აკვატორიაში.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ღამით რეგიონზე დრონების თავდასხმის დროს დაარტყეს ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს. მისი თქმით, მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია. სხვა დეტალები გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხები და გამოცემა ASTRA თვითმხილველების ვიდეოებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ეს რეგიონში ნავთობის გადამუშავების სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა „როსნეფტის“ სტრუქტურაში შედის. ობიექტზე დრონების თავდასხმები ადრეც არაერთხელ განხორციელებულა.
ლიპეცკის ოლქის ქალაქ ზადონსკში დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა. მისი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი კერძო სახლი, ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი. ერთ-ერთი დრონი ასევე დაეცა ლიპეცკში მშენებარე მრავალბინიან სახლს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ილსკისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა საბურღი დანადგარი „სივაში“. უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ეს დანადგარი „მოწინააღმდეგის მიერ გამოიყენება შავი ზღვის აკვატორიაში ტექნიკური სათვალთვალო საშუალებების განთავსებისა და მათი მუშაობის უზრუნველსაყოფად“.
ფორუმი