Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კიევს დახმარება აღუთქვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ალექსანდარ ვუჩიჩი (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. ბელგრადი, 8 აგვისტო, 2026.
ალექსანდარ ვუჩიჩი (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. ბელგრადი, 8 აგვისტო, 2026.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 8 აგვისტოს ბელგრადში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ვუჩიჩმა კიევს უსურვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და დაასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მოლაპარაკების კლასტერი, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის წინსვლისთვის.

„უკრაინას ყოველთვის ექნება ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სერბეთი არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე სხვა ქვეყნების შესაძლო დაბრკოლებებთან დაკავშირებით, რადგან თავადაც შეექმნა პრობლემები მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის პროცესში.

ვუჩიჩის სიტყვებით, სერბეთს სურს, უკრაინამ რაც შეიძლება მალე გახსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი და დაასრულოს მოლაპარაკებები თითოეულ მათგანზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელგრადი მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირში მისი გაწევრიანების გზაზე.

სერბეთს 2012 წლიდან აქვს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ბელგრადმა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება.

უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკვე შემოდგომაში წაიწევს წინ გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში.

ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვსევოლოდ ჩენცოვმა, განაცხადა, რომ ამ პერიოდში უკრაინისთვის დარჩენილი მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ელოდება. მისი შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2027 წლის ბოლომდე დასრულება ამბიციური, თუმცა რეალისტური მიზანია.

ვოლოდიმირ ზელენსკი 7 აგვისტოს ჩავიდა სერბეთში. ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია სერბეთში მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დაიკავა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG