Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს, მის საწყობებზე დარტყმების გამო

უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყო. 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს რუსეთის სამარის ოლქში განადგურებული საწყობები.
უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყო. 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს რუსეთის სამარის ოლქში განადგურებული საწყობები.

ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დრონებით შეტევის გამო, წიგნის ადგილობრივი გამომცემლობები დისტრიბუციის სტრატეგიას ცვლიან. ეს გამოცემა „კომერსანტმა” დაწერა რუსეთის მსხვილი და დამოუკიდებელი გამომცემლობებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

დამოუკიდებელმა გამომცემლობებმა მარკეტპლეისების მეშვეობით წიგნების გაყიდვა შეაჩერეს და უპირატესობა სპეციალიზებულ მაღაზიებში, ან საკუთარი საიტებიდან გაყიდვას მიანიჭეს, ხოლო მსხვილი გამომცემლობები თავისი საწყობებიდან გაყიდვაზე გადადიან. „კომერსანტის” მონაცემებით, მისთვის ცნობილია სულ მცირე შვიდი მსგავსი შემთხვევა.

კონკრეტულ გამომცემლობებს შორის, რომლებმაც სტრატეგია შეცვალეს, არიან „ბუმკნიგა”, „ალპაკა“ და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „ეკსმო”, რომელიც Wildberries-ის საწყობებზე დარტყმით გამოწვეული ზარალის დათვლის პარალელურად, წიგნების თავისი საწყობებიდან გაყიდვაზე გადავიდა.

კომპანია Wildberries-ში გამოცემა „კომერსანტს” განუცხადეს, რომ სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეებმა უფრო ხშირად დაიწყეს გაყიდვა თავიანთი საწყობებიდან, მათ შორის წიგნების.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს

Previous slide
Next slide

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-მდე ობიექტზე.

საჯარო წყაროების თანახმად, დაიღუპა სულ მცირე, 9 თანამშრომელი.

რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG