"ერთი წლის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ისტორიულ სამიტზე უმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ფაშინიანს, რომელზეც პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას. სამი ლიდერის თანდასწრებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააინიციირეს შეთანხმების პროექტი „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის", - ასე იწყება 10 აგვისტოს გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტი.
მასში აღნიშნულია, რომ "ღრმა სიამაყეს იწვევს, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად მიაღწიეს და აშკარაა უდიდესი პრინციპულობა - დააშენონ იმ ფუნდამენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა ათწლეულების კონფლიქტს და სამხრეთ კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ გზაზე დააყენა".
ერთობლივ განცხადებაში წერია ისიც, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტად წარადგინეს.
სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში მიღწევათა შორის ჩამოთვლილია შემდეგი პუნქტები:
- ერთობლივმა დეკლარაციამ შექმნა კონკრეტული გზამკვლევი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, აშშ-ის მხარდაჭერით, მშვიდობის გაძლიერების, კეთილდღეობის მიღწევისა და პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ეს გაბედული ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, ქვეყნებმა საფუძველი ჩაუყარეს განგრძობად წარმატებას.
- სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეინარჩუნეს სტაბილურობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ორი მხარე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციის, საზღვრების დელიმიტაციისა და ურთიერთნდობისთვის, ხანგრძლივი სტაბილურობისთვის აუცილებელი ზომების გამოყენებით.
- „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) - მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტი - ხედვიდან რეალობად გარდაიქმნება, კონკრეტული პროგრესით, როგორიცაა აშშ-სომხეთის შეთანხმება „TRIPP-ის განვითარების კომპანიის შესახებ“, რომელიც ინფრასტრუქტურულ განვითარებას წარმართავს. სომხეთში უკვე მიმდინარეობს საინჟინრო კვლევები. აზერბაიჯანმა თითქმის დაასრულა თავის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ტრასისა და რკინიგზის მშენებლობა TRIPP-თან სომხეთის ტერიტორიაზე შესაერთებლად.
- აშშ-მა 201 მლნ აშშ დოლარი გადასცა „ტრანსკასპიურ სამეწარმეო ფონდს“, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტისთვის“ („შუა დერეფანი“) კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის
- აშშ-მა სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც გააღრმავა კავშირები, ხელი მოაწერა ქარტიებს, რომლებშიც ხაზი გაესვა ახალ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობებს, აგრეთვე „ურთიერთგაგების მემორანდუმებს“ ენერგოუსაფრთხოებაზე, სასაზღვრო ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოებაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარების ინოვაციაზე, კრიტიკულ მინერალებზე, რაც არის ინვესტიცია სამივე ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობაში და ამან მოიტანა ხელშესახები შედეგები.
- თეთრი სახლის სამშვიდობო სამიტის სულისკვეთების შესაბამისად, აზერბაიჯანმა ცალმხრივად გააუქმა სომხეთის მიმართ მოქმედი ყველა სატრანზიტო შეზღუდვა. ერთ წელიწადში აზერბაიჯანის გავლით გადაიზიდა თითქმის 60 ათასი ტონა პროდუქცია სომხეთისკენ და სომხეთიდან. აზერბაიჯანმა 20 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები მიაწოდა სომხეთს. ორი ქვეყანა განაგრძობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას.
- ორი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ინტერნეტის შესახებ შეთანხმებას, რომლითაც მოხდება რეგიონული დაკავშირებადობის დივერსიფიკაცია, გაიზრდება მდგრადობა სამხრეთ კავკასიაში და რომელიც ხელს შეუწყობს ევრაზიის სატელეკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
- ეუთოს „მინსკის ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები გაუქმდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მოთხოვნით - რაც არის იმის აღიარება, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების ეპოქა დასრულდა.
- აშშ-ის მიწვევით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ „მშვიდობის საბჭოს“, რითაც აჩვენეს, რომ ისინი დგანან აშშ-ის მხარდამხარ უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მსოფლიოს შესაქმნელად.
ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადებით, აშშ, სომხეთი და აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ განუხრელ მხარდაჭერას სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციისადმი, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:
"სამი სახელმწიფო „8 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაციის“ ბოლომდე შესრულების ერთგული რჩება, როგორც შინაარსის, ისე სულისკვეთების, აგრეთვე რეგიონის ეკონომიკის არაჩვეულებრივი პოტენციალის გახსნის მიმართ. ამასთან, აშშ ერთგულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან ხელმოწერილი ორმხრივი ქარტიებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმების ბოლომდე შესრულების, აგრეთვე ორივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისადმი".
10 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაცია ასე სრულდება:
"ჭეშმარიტი მშვიდობა ერთ დღეში ვერასდროს მიიღწევა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს - პირობები დადებულია, პირობები სრულდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები არის მაგალითი მსოფლიოსთვის და ჩვენ მოუთმენლად ველით რეგიონის ნათელ და აყვავებულ მომავალს".
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ფორუმი