აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანმა კობა ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
10 აგვისტოს დილას გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ უცხო პირები ფარტენაძეს მოუწოდებენ, გვერდზე გაჰყვეს, რაზეც ის უარს ამბობს და ეუბნება, რომ ტელევიზიაში მიდის, თუმცა მას თავს არ ანებებენ.
უცხო კაცი ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, შემდეგ კი ფარტენაძეს დაჭრით ემუქრება:
„ვიღაც, ბიჭო, შეღებილი თმით ... ვინცხა პიდა***ი, შე *ემა... წამოდი ერთი წამით. გეშინია?“
პასუხზე, რომ უცხოს სად უნდა გაჰყვეს, უცხო პირი ეუბნება: „აგერ ა, ნახე, გვერდზე შევალთ, პირდაპირ, ჩიხში, ასე, ტრა*ში მიგჭრი და“...
ორი კაცი დააკავეს
11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა „ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე“ ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა“, - წერს შსს.
შსს-ს განცხადებითვე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით:
- 126-ე მუხლი გულისხმობს ძალადობას - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე პატიმრობით;
- 151-ე მუხლი გულისხმობს მუქარას - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
ფარტენაძე ფეისბუკზე წერდა, რომ იგი ყოველ ღამეს აწყდება მსგავს ფაქტებს, ძალადობასა და დისკრიმინაციას.
„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა“, - წერს იგი 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.
„რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?“ - წერდა ის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით შსს-ს მოუწოდა, „სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს“.
ფორუმი