Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ რუსთაველის რეაბილიტაციის კონტრაქტორი 4-ჯერ დააჯარიმა - 24 სთ არ მუშაობდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო.

დედაქალაქის მერიამ, რომლის დაკვეთითაც თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კონტრაქტორი შპს „სმარტ სოლუშენს“ ოთხჯერ დააჯარიმა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევაა.

„სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა“ - წერია ოთხივე დოკუმენტში, რომელიც კომპანიის დაჯარიმებას შეეხება.

თბილისის მერიამ შპს „სმარტ სოლუშენსთან“ სამი ხელშეკრულება (1, 2, 3) გააფორმა - მომსახურების სრული ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვთ, კონტრაქტორი დააჯარიმეს:

  • 24 ივლისი - 2026 წლის 23 ივლისის (12:27 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ მ. კოსტავას ქუჩასა და შ. რუსთაველის გამზირზე (თ. ჭოველიძის ქუჩიდან - სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 29 ივლისი - 2026 წლის 29 ივლისის (06:34 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ მ. კოსტავას ქუჩასა და შ. რუსთაველის გამზირზე (თ. ჭოველიძის ქუჩიდან - სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 29 ივლისი - 29 ივლისის (06:41 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 10 აგვისტო - 7 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

კომპანია თითოეულ შემთხვევაში დააჯარიმეს ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ით, რაც ჯამში 5000 ლარამდეა.

გამზირის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია იგეგმება - ინფრასტრუქტურა მოძველებულია. რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო, სრულად აიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება.

  • რეაბილიტაციის დასრულების თარიღად თბილისის მერმა 2026 წლის ნოემბრის ბოლო დაასახელა;
  • კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
  • ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG