Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესაზე, ხერსონასა და უკრაინის ზოგ სხვა რეგიონზე, არის მსხვერპლი

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგები ზაპოროჟიეში. 11 აგვისტო, 2026.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგები ზაპოროჟიეში. 11 აგვისტო, 2026.

ოთხშაბათს, 12 აგვისტოს ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონს შეუტია. დარტყმების უმეტესობა საცხოვრებელ შენობებს მოხვდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ხერსონში ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, იაროსლავ შანკოს თქმით, საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლექსანდრ პროკუდინმა დასძინა, რომ კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მან ხერსონზე ღამით განხორციელებულ თავდასხმას მასშტაბური უწოდა და დააკონკრეტა, სამიზნე იყო სწორედ საცხოვრებელი კვარტლები. „დარტყმების შედეგად შენობები დაზიანდა, ზოგიერთი მათგანი მთლიანად განადგურდა“, წერს პროკუდინი.

ზაპოროჟიეში რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად დაიწვა სავაჭრო ცენტრი, ხანძარმა მოიცვა დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრის ფართობი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ერთ რაიონში დაახლოებით 1200 მომხმარებელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

ოდესაში რუსეთის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ათსართულიანი შენობის მეხუთე სართულზე მდებარე ბინას. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ჩააქრეს და მსხვერპლი არ ყოფილა.

პოლტავის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ურტყამს მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს. სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან საცხოვრებელი შენობებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG