Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ისრაელი ლიბანიდან გასვლის საკითხს ჰეზბოლას განიარაღებას უკავშირებს

ისრაელის საბრძოლო მანქანები ლიბანში, კადრი ჩრდილოეთ ისრაელიდან, საილუსტრაციო ფოტო
ისრაელის საბრძოლო მანქანები ლიბანში, კადრი ჩრდილოეთ ისრაელიდან, საილუსტრაციო ფოტო

ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან თავის ძალებს არ გაიყვანს ჰეზბოლას განიარაღებამდე, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი 13 აგვისტოს.

მან ამით განმარტა ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ისრაელი სამხრეთ ლიბანის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს. ამ განცხადებას აშშ-ის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ლიბანში დაფუძნებული, პროირანული ჰეზბოლა რადიკალური დაჯგუფებაცაა და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისრაელი და აშშ ჰეზბოლას მიიჩნევენ ტერორისტულ ორგანიზაციად, ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ მისი გასამხედროებული ფრთა ჰყავს შეყვანილი.

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი დაამყარა მიმდინარე წელს, ჰეზბოლასთან ომის დროს - და აცხადებს, რომ თავის ძალებს იქ დატოვებს, რათა ჩრდილოეთ ისრაელი დაიცვას ჰეზბოლას შესაძლო თავდასხმებისგან. ჰეზბოლამ ისრაელს ცეცხლი გაუხსნა ორ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს საბრძოლო ოპერაცია.

ისრაელის შეტევის შედეგად ასობით ლიბანელმა სახლები დატოვა - ძირითადად ჰეზბოლას შიიტი მუსლიმების ოლქებიდან.

როგორც სამხრეთ ლიბანში ვიზიტისას 13 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, ის და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ "ცალსახად და მკაფიოდ" ამბობენ, რომ არ გადიან უშიშროების ამ ზონიდან. "ჩვენ ამ არეალს გავწმენდთ და ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ" - ისრაელის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

ამ განცხადების პასუხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელის მუდმივი სამხედრო დისლოცირება არ შეესაბამება ვალდებულებებს, რომლებიც განსაზღვრულია აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის.

შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის ეტაპობრივი გასვლის პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ჰეზბოლას დადასტურებულ განიარაღებასთან.

"აშშ მოელის, რომ ყველა მხარე იმუშავებს მათ მიერ შეთანხმებული ჩარჩოს შესაბამისად და ისრაელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს" - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელი წერილობით განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს დაურიგდა. მის ციტატას Reuters-ი ავრცელებს.

ჰეზბოლა - რომელიც 1982 წელს ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭომ დააარსა - მძლავრად ეწინააღმდეგება ბეირუთის მოლაპარაკებას ისრაელთან და გამორიცხავს განიარაღებას ქვეყნიდან ისრაელის ძალების გასვლამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG