Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში აფეთქება მოხდა თავდაცვის ჰოლდინგ KNDS-ის ქარხანაში

იტალიაში აფეთქება მოხდა თავდაცვის ჰოლდინგის, KNDS-ის ქარხანაში, 2026 წლის 13 აგვისტო
იტალიაში აფეთქება მოხდა თავდაცვის ჰოლდინგის, KNDS-ის ქარხანაში, 2026 წლის 13 აგვისტო

13 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა იტალიის ქალაქ კოლეფეროს სიახლოვეს, საბრძოლო მასალების მაწარმოებელ ქარხანაში.

აფეთქების ხმა ისმოდა რამდენიმე კილომეტრის რადიუსით - აღნიშნავს სააგენტო Reuters-ი.

ინციდენტი მოხდა იმ მომენტში, როცა მეხანძრეები და პოლიციელები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ და ხანძარს აქრობდნენ - წერს ადგილობრივი მედია. დაშავებულები არ არიან - აცხადებს ფრანგულ-გერმანული თავდაცვის კონცერნი KNDS-ი, რომლის დანაყოფიც, KNDS Ammo Italy, ქარხანას მართავს.

იტალიის საინფორმაციო სააგენტოს, ANSA-ს მონაცემებით, აფეთქება მოხდა ცეხში, სადაც წარმოებს ფეთქებადი ნივთიერებების დაპრესვა. როგორც კოლეფეროს მერმა, ჯულიო კალამიტამ ჟურნალისტებს უთხრა, აფეთქება რომ მომხდარიყო არა ზაფხულის არდადეგების, არამედ სხვა პერიოდში, "ეს ტრაგედია იქნებოდა". კომპანია KNDS-ის თანახმად, ინციდენტის გარემოებები დადგენის პროცესშია.

საწარმოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანა აწარმოებს საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალებს, სახმელეთო და საზღვაო თავდაცვისთვის, ასევე მყარ სარაკეტო საწვავს აეროკოსმოსური რაკეტა-მატარებლებისთვის. კომპანია იმ საწარმოთა შორისაა, რომლებთანაც 2023 წელს ევროპის თავდაცვის სააგენტომ შეთანხმება გააფორმა 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალების მიწოდების თაობაზე.

ჰოლდინგი KNDS იარაღს აწვდის მათ შორის უკრაინას - წერს The Moscow Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი დღის განმავლობაში ეს ევროკავშირში უკვე მეორე აფეთქებაა სამხედრო ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთანაა დაკავშირებული.

10 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ბულგარეთის სოფელ ბელიცასთან ახლოს, საწარმო EMCO-ს ტერიტორიაზე. EMCO ეკუთვნის ბიზნესმენ ემილიან გებრევს, რომლის კომპანიებიც უკრაინას საბრძოლო მასალებს 2014 წლიდან აწვდიან. ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს 300-მდე თანამშრომელი, დაშავებულები არ იყვნენ. მიმდინარეობს ხანძრის მიზეზების გამოძიება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG