რუსეთის პოლიტიკურმა პარტია „იაბლოკომ“, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსების საბაბით, უცხოური დაფინანსების კვალი აღმოუჩინა ექვს პარტიას.
ხუთი მათგანი ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტშია წარმოდგენილი, მეექვსე კი პარტია „როდინაა“, რომლის საჩივრის საფუძველზეც „იაბლოკოს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმეს.
„იაბლოკოს“ ანტიკორუფციული პოლიტიკის ცენტრმა პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი კრიტერიუმი (უცხოეთიდან დაფინანსებული დონორები) გამოიყენა სხვა პარტიების მიმართ და საპარლამენტო პარტიების, მათ შორის სახელმწიფო დუმის უმრავლესობაში მყოფი „ედინაია როსიას“ დონორ კომპანიებს და საწარმოებს აღმოუჩინა ექსპორტი უცხოეთში, უცხოელი დამკვეთები, უცხოური კონტრაქტები და საერთაშორისო კორპორატიული კავშირები.
რა დაადგინა „იაბლოკომ“
„იაბლოკოს“ ანტიკორუფციული პოლიტიკის ცენტრმა პარტიების საჯარო ფინანსური ანგარიშების გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ 2021-2025 წლებში „ედინაია როსიამ” უცხოეთის ქვეყნებთან საქმიანი კავშირების მქონე კომპანიებისგან მიიღო 811 მილიონ რუბლზე მეტი.
2024-2025 წლებში მსგავსი დონორები ჰყავდა კიდევ ოთხ საპარლამენტო პარტიას: „სპრავედლივაია როსია”(197,2 მილიონი), „ნოვიე ლიუდი”(98,2 მილიონი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია(35,1 მილიონი) და კომუნისტური პარტია(11,3 მილიონი). 3,5 მილიონი აქვს მიღებული არასაპარლამენტო პარტია „როდინას”.
„იაბლოკოს” კვლევით, პარტია „ედინაია როსიას” სპონსორთა უცხოური კავშირები მოიცავს 51 იურისდიქციას, მათგან 22 რუსეთის ხელისუფლების მიერ „არამეგობრულად” გამოცხადებული სახელმწიფოა. ამ ქვეყნებს შორის არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა. პარტიის ერთ-ერთ სპონსორს 2021 წელს ექსპორტი ჰქონდა უკრაინაშიც.
„იაბლოკოს” განცხადებით, თუ მისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებისთვის გამოყენებულ კრიტერიუმს გამოიყენებენ სხვების მიმართაც, არჩევნებიდან უნდა მოხსნან ხუთივე საპარლამენტო პარტია და „როდინაც“.
- 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პარტია „როდინას“ საჩივარი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
- „როდინას“ პოზიციას სასამართლოში მხარი დაუჭირეს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პროკურატურამ.
„როდინას“ საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
თავად პარტიამ კანონის დარღვევა უარყო. „იაბლოკოს" თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში, რომელიც 2026 წლის სექტემბერში უნდა ჩატარდეს, პარტიისთვის ხმის მისაცემად მზად იყო ამომრჩეველთა 18%, რაც დაახლოებით 20,5 მილიონი მოქალაქეა.
პარტიამ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიაში გაასაჩივრა. კოლეგია საჩივარს 17 აგვისტოს განიხილავს.
- „იაბლოკო" თავს უწოდებს უმრავლესობის ინტერესებისა და უფლებების დამცველ პარტიას და მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.
ფორუმი