Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინთან „კარგი ურთიერთობის“ მქონე ტრამპი სამხრეთი კორეასთან სამხედრო წვრთნებს ამცირებს

17 აგვისტოს დაწყებული აშშ-სამხრეთი კორეის წვრთნების მონაწილე ამერიკელი სამხედროები
17 აგვისტოს დაწყებული აშშ-სამხრეთი კორეის წვრთნების მონაწილე ამერიკელი სამხედროები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამხრეთი კორეასთან ერთობლივი წვრთნებით და პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთს ამ სწავლებების არსებითად შემცირება დაავალა.

17 აგვისტოს სამხრეთი კორეაში დაიწყო ამ ქვეყნის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროთა ერთობლივი, 11-დღიანი სწავლება Ulchi Freedom Shield, რომლის მიზანია ჩრდილოეთი კორეის შეკავება.

წვრთნების დაწყების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ჩრდილოეთი კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გათვალისწინებით უკმაყოფილოა არა მხოლოდ იმით, რომ აშშ დიდი ხანია მონაწილეობს სამხრეთი კორეასთან ერთობლივ, ძვირადღირებულ წვრთნებში, რომელთა დიდ ხარჯს აშშ ფარავს, არამედ იმითაც, რომ ეს წვრთნები „სრულიად უადგილო და მტრული სიგნალია“ ქვეყნისთვის (ჩრდილოეთი კორეა), რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენდა და პატივისცემას იჩენდა.

ტრამპის თანახმად, ამჟამინდელი წვრთნების გაუქმება დაგვიანებულია, მაგრამ ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს დაავალა სამხრეთი კორეასთან ერთობლივი სწავლებების არსებითად შემცირება.

ტრამპი უკმაყოფილოა იმის გამოც, რომ სეული არ შეუერთდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციას.

სეულის რეაქცია

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას სეულში ფრთხილი რეაქცია მოჰყვა.

ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემის, The Korea Herald-ის ცნობით, სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებს ყურადღებით აკვირდებიან და იმედი აქვთ, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეგობრულ ურთიერთობებს მოჰყვება ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი დიალოგი და დისკუსიის დაწყება კორეის ნახევრკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

თავის მხრივ, სეული ვაშინგტონთან კოორდინაციით გააგრძელებს შესაბამის დიპლომატიურ ძალისხმევას.

რაც შეეხება კონკრეტულად სამხედრო წვრთნებს, სამხრეთი კორეის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, თავდაცვის საიმედო ერთიანი სისტემის შენარჩუნებისა და ერთობლივი სწავლებების საკითხებში მჭიდრო კოორდინაცია აქვთ და კოორდინირებული მოქმედება გაგრძელდება პრობლემებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზეც.

სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 აგვისტოს დაწყებული ერთობლივი წვრთნები წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და აშშ-ს მასშტაბის შეცვლა არ უთხოვია.

  • ვაშინგტონი მრავალი წელია სეულის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა.
  • სამხრეთი კორეაში 28 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.
  • ხშირად ტარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ჩრდილოეთი კორეა ყოველ ჯერზე გმობს და თავის ტერიტორიაზე შეჭრისთვის მზადებად აფასებს.






ფორუმი

XS
SM
MD
LG