Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბუღაძის წიგნები დააზიანეს „ბიბლუსის“ გლდანის ფილიალში

ლაშა ბუღაძე და მისი წიგნი „დამკვირვებელი“
ლაშა ბუღაძე და მისი წიგნი „დამკვირვებელი“

წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ იკვლევს, ვინ დააზიანა გლდანის ფილიალში არსებული წიგნები, რომელთა შორი ერთ-ერთი ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელია“. მწერლისა და მკითხველის გავრცელებულ ინფორმაციას ვანდალიზმის შესახებ კომპანიამ განცხადებით უპასუხა.

„როცა ჩემი „დამკვირვებელი“ პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები... ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან“, - დაწერა ლაშა ბუღაძემ „ფეისბუკში“ და აღნიშნა, რომ მსგავსი მაგალითები პუტინის რუსეთშია.

ბუღაძემ მისი წიგნების დაზიანების შესახებ „ბიბლუსის“ ერთ-ერთი მომხმარებლის, ლიკა ლაზიშვილის ფეისბუკპოსტიდან შეიტყო - ის მაღაზიაში „დამკვირვებლის“ შესაძენად იყო მისული:

„აღმოვჩნდი „ბიბლუსის“ ერთ-ერთ [გლდანის] ფილიალში, სადაც წავაწყდი საშინელ ფაქტს: კონსულტანტმა მაჩვენა სად იდო [„დამკვირვებელი“], ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტინქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე რომ პირველ გვერდზე ფალოსებია მიხატული კალმით.

დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე. უცებ, ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს - ფალოსები აქვს მიხატული!“

ლაზიშვილს კონსულტანტმა ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა, თუმცა წიგნების დაზიანებას ადასტურებს „ბიბლუსი“ და ფაქტი ვანდალიზმად აქვს შეფასებული.

„ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას. დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან“, - წერია მაღაზიის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნული არ არის, დაზიანებულია თუ არა რომელიმე სხვა ავტორის წიგნებიც.

„დამკვირვებელი“ „სულაკაურის“ გამოცემულია - გამომცემლობა აცხადებს, რომ „ვშიშობთ, ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება“.

„დამკვირვებელზე“

წიგნი საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შესახებაა, რომელმაც „ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა“.

„უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს“.

უარი ციხეში შეტანაზე

ვანდალიზმის ამ შემთხვევამდე თითქმის ერთი კვირით ადრე რადიო თავისუფლებამ მოამზადა მასალა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც „4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - იმ არგუმენტით, რომ „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლება“.

  • პენიტენციურ კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს.
  • რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროშიც და მის დაქვემდებარებულ უწყებაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც იკითხა, რატომ არ მივიდა რომანი "დამკვირვებელი" ადრესატამდე, რა ნიშნით ჩაითვალა ეს მხატვრული ტექსტი პოლიტიკურად და ვინ მიიღო მის შეგზავნაზე უარის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.
  • საქართველოს პენცენტრმა წიგნის ციხეში შეგზავნაზე უარი ცენზურად შეაფასა: „ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ - სრულიად აშკარად - ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG