Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაპატიმრებული ხელოვანების მეგობრები მოითხოვენ ბრალდებების სრულად გასაჯაროებას

ირანელი გრაფიკული დიზაინერები არია კასაეი და ელაჰე ნაღილოუ გასულ თვეში საფრანგეთის საელჩოსთან კომუნიკაციის გამო დააკავეს ირანში.
ირანელი გრაფიკული დიზაინერები არია კასაეი და ელაჰე ნაღილოუ გასულ თვეში საფრანგეთის საელჩოსთან კომუნიკაციის გამო დააკავეს ირანში.

ირანის უშიშროების ძალების მიერ ცნობილი ირანელი გრაფიკული დიზაინერების დაკავებიდან თითქმის ერთ თვეში, მათმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს განცხადება დაკავებულების მიმართ ბრალდების გასაჯაროებისა და დამოუკიდებელ იურისტთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის მოთხოვნით.

46 წლის არია კასაეი, ცნობილი გრაფიკული დიზაინერი და დიზაინერული სტუდია „ქარგას“ დამფუძნებელი და მისი კოლეგა, 36 წლის გრაფიკული დიზაინერი ელაჰე „ელი“ ნაღილოუ დააკავეს 19 ივლისს თეირანში, საფრანგეთის საელჩოსთან დაკავშირებულ პირებთან შეხვედრის შემდეგ.

მათი დაკავებიდან მეორე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ საჯაროდ გაამხილა, რომ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ირანის უშიშროების სამსახურისგან „დაშინების უკიდურესად სერიოზული აქტის“ სამიზნეებად იქცნენ.

ბაროს თანახმად, დიპლომატები დააკავეს და მათი დაკითხვა ოთხ საათს გაგრძელდა. ერთ-ერთ მათგანზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, სანამ ორივეს საფრანგეთში რეპატრიაცია მოხდებოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის განცხადებაში არ უხსენებია ირანელი ხელოვანები.

Hambood Collective-ი - მხატვრებისა და აქტივისტების დამოუკიდებელი გილდია იუწყებოდა, რომ უშიშროების ძალებმა იმავდროულად დააკავეს ირანელი წყვილი.

სასამართლოსა და უშიშროების წარმომადგენლებს დაკავებებზე, ბრალდებებსა თუ დაკავებულების ადგილსამყოფელზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) რადიო ფარდასთვის მიწოდებული განცხადების თანახმად, დაკავებული წყვილის მეგობრები არ აპირებენ „დაუშვან ამ ამბავზე დუმილის გამეფება“.

„იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის წარმომადგენლები არიან ამბის ნაწილის მოწმეები, მოვუწოდებთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ნათელი მოჰფინოს ამ უკანონო დაკავების ყველა ასპექტს, მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია არიასა და ელის სტატუსზე და მიმართონ სერიოზულ ნაბიჯებს მათი უფლებების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - წერია განცხადებაში.

მისი ავტორები აგრეთვე ადანაშაულებენ დაზვერვის სამინისტროს „მათ დაკავებასა და აქტივობაზე ყალბი ნარატივის გავრცელებაში, რისი მიზანიც იყო მათი სისხლის სამართლებრივი დევნა პასუხის გაცემის შესაძლებლობის მიცემის გარეშე“.

დაზვერვის სამინისტროს 15 აგვისტოს განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა ორკესტრირებას უწევდა „უცხოური ინფილტრაციისა და ჩარევის“ პროექტს ირანში. სამინისტროს თანახმად, ფრანგი დიპლომატების „უკანონო ინტერვენციონისტულ ქცევას“ პირდაპირი კონფრონტაცია მოჰყვება, თუმცა უწყებას არ უხსენებია ორი ხელოვანის დაკავება.

რადიო ფარდასთვის მიწოდებული განცხადების მიხედვით, დაკავებები განხორციელდა 19 ივლისს, თეირანში კასაეის სახლში პროფესიული შეხვედრის დროს. ეს შეხვედრა ირანში საფრანგეთის საელჩოს კულტურის სექციის თხოვნით შედგა და მას ესწრებოდნენ საფრანგეთის კულტურის ატაშე და კიდევ ერთი თანამშრომელი Villa Zadig-ის ინიციატივის განსახილველად, რომელიც ინსტაგრამის ოფიციალურ პროფილზე აღწერილია როგორც სახელოვნებო კულტურული სივრცე ტრადიციულ ირანულ ნაკეთობებსა და ფრანგულ მხატვრობას შორის დიალოგის, ენისა და განათლებისთვის.

ირანის ხელისუფლება დასავლელ დიპლომატებსა და უცხოურ მედიასთან ჩვეულებრივ კონტაქტებს მიიჩნევს ეროვნულ საფრთხედ, ხშირად აპატიმრებს მოქალაქეებს ჯაშუშობის ან სახელმწიფო დივერსიის ბრალდებებით, უცხოური მხარდაჭერით განხორციელებული კულტურული და სამოქალაქო პროგრამებში მონაწილეობისთვის.

17 აგვისტოს ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონის ჩარჩო, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება „მტრულ“ უცხოურ მედიასთან და უცხოეთთან დაკავშირებულ სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG