Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და ინდოეთი აგრძელებენ სამხედრო კავშირების გაღრმავებას

გარეკანზე: ინდოეთის თავდაცვის მდივანი და სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი
გარეკანზე: ინდოეთის თავდაცვის მდივანი და სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი

სომხეთი და ინდოეთი, - რომლებიც 2020 წლიდან თავდაცვის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ, - სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

17-18 აგვისტოს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, - სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, - უმასპინძლა ინდოეთის თავდაცვის მდივან რაჯეშ კუმარ სინგს, რომელიც ერევანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ინდოეთში თავდაცვის მდივნის პოსტი ადმინისტრაციული თანამდებობაა, - განსხვავებით ინდოეთის თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პოსტისგან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაპიკიანისა და თავდაცვის მდივნის შეხვედრაზე სომხეთსა და ინდოეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე“.

ამავე წყაროს თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ედვარდ ასრიანთან შეხვედრისას მხარეები „თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე“ შეთანხმდნენ.

გენერალური შტაბის უფროსი ედვარდ ასრიანი ინდოეთის თავდაცვის მდივანს 2026 წლის აპრილშიც შეხვდა - ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის „დივერსიფიკაციის“ პოლიტიკის ფარგლებში, სომხეთმა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აქტიურად დაიწყო იარაღის შესყიდვა ინდოეთისგან;
  • 2023 წლის ივლისში სომხეთში ჩავიდა ინდური წარმოების იარაღის პირველი პაკეტი Pinaka-ს სარაკეტო სისტემა - როგორც მედიაში უწოდებენ ხოლმე, „ინდური ჰაიმარსები“.
  • სომხეთი-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებს თურქეთსა და პაკისტანთან, - რომელიც ინდოეთის მეტოქეა.
  • პაკისტანი გაეროს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს; სომხეთი, თავის მხრივ, ძლიერად უჭერს მხარს ინდოეთს ქაშმირის საკითხში, მათ შორის გაეროს ფორმატებში.
  • 2025 წლის მაისში პაკისტანი-ინდოეთის ხანმოკლე ომისას სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს თავიანთ მოკავშირეებს.
  • მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე პაკისტანმა დაბლოკა სომხეთის გაწევრება, ხოლო ინდოეთმა - აზერბაიჯანის გაწევრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG