Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და პარლამენტის წარმომადგენლები - ანტიკორუფციული ბიურო „სპეცოპერაციას“ ატარებს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ „სპეცოპერაცია" ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ „სპეცოპერაცია" ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ „სპეცოპერაციას დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით".

ამ შინაარსის მოკლე ცნობა 19 აგვისტოს დილით გაავრცელა ანტიკორუფციულმა ბიურომ. მან მხოლოდ ის დააზუსტა, რომ ორგანიზაცია პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა.

დამოუკიდებელი გამოცემის, „უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა ცნობით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ირინა მუდრასთან და დეპუტატ ვადიმ სტოლართან, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულია დღეს უკვე აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“. ასევე, უკრაინის სახელმწიფო „სენს ბანკში".

განახლება: 19 აგვისტოს დღისით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაცხადა, რომ ოპერაციისას „ფორესტ გამპი“ გამოაშკარავეს პირთა ჯგუფი, რომლის მიერ ორგანიზებული და უზრუნველყოფილი იყო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია.

საუბარია 150 მილიონ გრივნაზე, რომელიც, გამოძიების თანახმად, გამოყენებული იყო ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის, „მიდასის” სახელით ცნობილ საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირისთვის გირაოს გადასახდელად. ანტიკორუფციულ ბიუროს საჯაროდ არ დაუსახელებია პირი, რომელსაც გირაო გადაუხადეს.

ბიუროს მიერ გავრცელებულ, საუბრების ფარულ ჩანაწერებში ახსენებენ სახელს „გერმანი”. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დასახელებული თანხა, 150 მილიონი შეესაბამება გირაოს თანხას, რომელიც რამდენიმე თვის წინ სასამართლომ შეუფარდა ენერგეტიკის სფეროში კორუფციის საქმეზე ბრალდებულ, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან ჰალუშჩენკოს.

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს არც დანაშაულებრივი ჯგუფის კონკრეტული წევრები დაუსახელებია და მხოლოდ ზოგადად თქვა, რომ ჯგუფში იყვნენ პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე, ყოფილი და მოქმედი დეპუტატები და სახელმწიფო ბანკის მაღალჩინოსნები.

19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ბრძანება, პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ირინა მუდრას გათავისუფლების შესახებ. ზელენსკის ბრძანებაში არ არის მითითებული მუდრას გათავისუფლების მიზეზი.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა არაერთი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს იძიებენ.

უკვე ბრალდებულთა შორისაა(ფულის გათეთრება) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში აღკვეთის ზომად გირაო შეეფარდა.

2026 წლის აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკანონოდ გამდიდრებასა და დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანაშია ეჭვმიტანილი უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი ელჩი აშშ-ში ოლჰა სტეფანიშინა.

2025 წლის ნოემბერში უკრაინის ანტოკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადეს ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის საქმე და პასუხისგებაში მისცეს არაერთი მაღალჩინოსანი.



ფორუმი

XS
SM
MD
LG