Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, საქართველოს მოქალაქე „დააჯარიმეს და გააძევეს“.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, საქართველოს მოქალაქე „დააჯარიმეს და გააძევეს“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ პერევში მცხოვრები ლაშა გულიტაშვილი, რომელიც 17 აგვისტოს დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში განაცხადა, რომ 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი წერს, რომ პერევის მცხოვრებმა ლაშა გულიტაშვილმა 17 აგვისტოს „სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა“ სოფელ სინაგურთან - „წინასწარი განზრახვის გარეშე“.

ამავე წყაროს ცნობით, ის დააჯარიმეს და 19 აგვისტოს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს“.

სუსი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით „ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
  • წარსულში საქართველოს მოქალაქეები არაერთხელ დაუკავებიათ, მათ შორის, პერევთან.
  • 2026 წლის 14 აგვისტოს გაათავისუფლეს 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული 46 წლის გიორგი ხარაიშვილი
  • სუსი აცხადებს, რომ „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG