კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი და 23 დაშავდა. კიევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები. ხანძრები გაჩნდა სასაწყობე შენობებში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ხანძრები გაჩნდა სამ საწყობში. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ბოლო ორი სართული. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და მაღაზია. დარნიცის რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ ობიექტზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რომელი სამრეწველო ობიექტი და საწყობები იყო რუსული რაკეტების სამიზნე.
განახლება: 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დედაქალაქ კიევში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 34.
კიევის ოლქზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 7 დაშავდა. ხანძრები გაჩნდა ობიექტებზე, სადაც საწვავს ინახავდნენ და სასაწყობე შენობებში. დანგრეულია 4 კერძო სახლი და 4 დაზიანებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ რაკეტებით და დრონებით კიევში დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობს, საწარმოებს, „ფაიერ პოინტს“ და „ანტონოვს“ და კომპანია „უკრსპეცსისტემსის“ სავაჭრო-სასაწყობე კომპლექსს.
რუსეთის მტკიცებით, ამ ობიექტებზე უკრაინული დრონების და რაკეტების კომპონენტებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, კიევის ოლქში დაარტყეს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრს და საწვავის საწყობს, რომლებსაც უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის იყენებდნენ.
ცნობაში არაფერია ნათქვამი სამოქალაქო ობიექტების ნგრევა-დაზიანებისა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.
- უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
- რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ინტენსიურად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სავაჭრო კომპანიების, ძირითადად, Wildberries-ის საწყობებს.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.
ფორუმი