ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი ასევე საუბრობს მისი ყოფილი თანაგუნდელების „მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიაზე“.
იგი ხაზს უსვამს, რომ „არავის არ ებრძვის“ და მხოლოდ „თავს იცავს“:
„სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“, - მიმართავს იგი თანაგუნდელებს.
ვინ გადასცა წერილი?
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც სამი დღით ადრე გამოაქვეყნა და რომლითაც, მისი თქმით, მოსთხოვეს „კორუფციული ბრალის აღიარება“, - სუსის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ „თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა“ ღარიბაშვილის ოჯახის წევრს.
მის ვინაობას ექსპრემიერი არ ასახელებს: „ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს“, - წერია ახალ განცხადებაში.
„რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, - წერს ექსპრემიერი.
„მომატყუეთ და გადამაგდეთ“
პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი იმეორებს: „უკვე რვა თვეა, მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ“. თუმცა ახლა ხელისუფლებას მიმართავს:
„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ“. ღარიბაშვილი აგრძელებს:
„გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს“.
მისი თქმით, „ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია“ მოითმინა და „გულში დაიტია“ „ბიძინა ივანიშვილთან ოცწლიანი ურთიერთობის გამო“ - „ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით“.
„აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის“, - წერს იგი.
„ციხეშიც არ მასვენებთ“ - მიმართავს ის „ოცნებას“
ორგზის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ყოფილი თანაგუნდელები ახლა მას „ციხეშიც არ ასვენებენ“:
„მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე“.
მისი თქმითვე, ამას თან ახლდა „ამორალური შანტაჟი და ზეწოლა“ და „უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით“.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 109 500 ლარი გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში. დამატებით, ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაჯდა.
„მხოლოდ თავს ვიცავ“
ღარიბაშვილი ორჯერ უსვამს ხაზს, რომ ის „არავის არ ებრძვის“ და „მხოლოდ თავს იცავს“:
„თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - წერია განცხადებაში.
„უღირსი კამპანია“
დაპატიმრებული ექსპრემიერი და მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საუბრობს მედიასა და სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ „ცილისმწამებლურ კამპანიაზე“:
„რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით“, - წერს ის.
„მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ: მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს“.
„სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”... არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით“, - აცხადებს იგი.
ჯერჯერობით მის ყოფილ თანაგუნდელებს ახალი წერილისათვის არ უპასუხიათ.
კონტექსტი - ღარიბაშვილის წერილები
ორი დღით ადრე, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ორგზის ექსპრემიერმა, ამჟამად პატიმარმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მასთან ბრძოლის მთავარ მიზნად პოლიტიკაში მისი დაბრუნების პრევენცია დაასახელა;
ეს იყო მეორე წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა ციხიდან გაავრცელა და დააკონკრეტა, რომ შუამავლის როლს სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად დროებით რეგიონული განვითარების მინისტრად გადაყვანილი მამუკა მდინარაძე ასრულებდა.
ტექსტში წერია, რომ:
- მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკურად განადგურება“ 2025 წელს დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი იყო“;
- ციხეში უხმოდ წასვლა ყოფილმა გუნდმა არ დაუფასა და სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია“;
- ივლისში ციხეში მან მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან, რომელიც ვერ დაარწმუნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით საკუთარი ხედვაც შესთავაზა.
- მდინარაძე შუამავლობას უარყოფს და ამბობს, რომ ექსპრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს“.
„როდესაც ... უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
„თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ“, - უთხრა, 19 აგვისტოს, მამუკა მდინარაძემ მედიას. არ დაუკონკრეტებია, ორი წერილიდან რა გამორიცხავს ერთმანეთს.
ფორუმი