„აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე“.
- რადიო თავისუფლება ცდილობს სოფო ბიბილაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
- ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, აცხადებს, რომ ეს „უდიდესი ტყუილია“ .
„ტელეგრამში დაიგეგმა“
შსს აცხადებს: „როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები“.
„ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა“, - ამბობს შსს.
უწყების თანახმად, „აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა“.
„ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია“, - წერს შსს.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - წერს სამინისტრო.
„უდიდესი ტყუილია“
ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე წუთში ფეისბუკპოსტით განაცხადა: „შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე“.
„აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას“, - წერს იგი.
„შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს“, - აცხადებს იურისტი.
„ნასვამი ჩოჩორი“ - ადვოკატი ყალბ პროფილზე საუბრობს
კაკაბაძის თანახმად, 16 აგვისტოს მის ფეისბუქ გვერდზე (ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze) მისწერა უცნობმა ადამიანმა ფეისბუქ-პროფილით „ნასვამი ჩოჩორი“.
„მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პირად პროფილზე... აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის“, - წერს ადვოკატი.
„ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ [საქმის ერთ-ერთი მოწმის] კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ-გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი „დედა, ცოცხალი ვარ“ დადებულია კახა გელაშვილის მიერ“, - თქვა კაკაბაძემ.
„ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს. აშშ-ში ჩამოვფრინდი, 10-საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს, სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: დადგა ჟამი“.
„როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს“, - წერს ადვოკატი.
პოსტი ფეისბუკზე - ადვოკატისა და დედის წინა განცხადებები
ორი სიტყვა - Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) „მოვიდა დრო“ - 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა.
დაკარგული ბიჭის დედამ რადიო თავისუფლებას 19 აგვისტოს განუცხადა, რომ არ იცოდა, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელოდა.
„წუხანდელი პოსტის შესახებაც სხვამ გამაგებინა. ეს ნამდვილად გურიკას ფეისბუკის გვერდია, მაგრამ არ ვიცი, ვინ შევიდა, როგორ შევიდა, რატომ დაწერეს, იმედია, გამოძიება დაადგენს. პირადად მე, გამოძიება ჯერჯერობით არ დამკავშირებია“, - ამბობდა ის 19 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
18 აგვისტომდე, გურამ დადიანიძის ამ ფეისბუკ პროფილზე ბოლო პოსტი, რომელიც საჯაროდ ჩანს, 2013 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული.
ტარიელ კაკაბაძე, - სოფო ბიბილაშვილის ადვოკატი, ტვ პირველთან საუბრისას ამბობდა, რომ მისთვის ცნობილია, ვინ და რომელი ქვეყნიდან დაპოსტა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გზავნილი, „დედა ცოცხალი ვარ“.
- 17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, მათ შორის, საქმის მოწმეების გამოკითხვა, სამძებრო ღონისძიებაში როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფო ბიბილაშვილმა საქმეში ჟურნალისტები ჩართო.
- 10 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებისას ბოლო ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
- 10 აგვისტოსვე დაიწყო იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმება, საიდანაც, 12 წლის წინ, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
- შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე „რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა“.
შენიშვნა: ახალი ამბავი განახლდა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის საპასუხო კომენტარით, შესაბამისად შეიცვალა სათაურიც.
ფორუმი