როგორც Financial Times იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ამერიკული სატელიტური ინტერნეტის სისტემის, Starlink-ის, გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის. გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ვიზიტის დროს ტრამპს სთხოვა, კომპანია SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი დაერწმუნებინა, უკრაინისთვის ამის უფლება მიეცა. თუმცა, მაშინ ტრამპს კონკრეტული დაპირება არ გაუცია. როგორც ჩანს, ის ამ გეგმას მხარს არ უჭერს, წერს გაზეთი 21 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის თანახმად, უკრაინამ აშშ-ს სთხოვა ნებართვა, რომ Starlink-ით აღჭურვოს თავისი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენება. უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დარტყმების წარმატება, ვინაიდან ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემების მწვავე დეფიციტს განიცდის და უჭირს რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩაჭერა.
Financial Times-ის თანახმად, ზელენსკიმ მასკს სთხოვა, უკრაინისთვის ნება დაერთო, რუსეთის ტერიტორიაზე 200 კმ-ის სიღრმეში დრონებისთვის გამოეყენებინა Starlink-ი. კიევი ფიქრობდა, რომ დარტყმების სიღრმის შეზღუდვა მასკს დაარწმუნებდა და თხოვნაზე დადებით პასუხს ათქმევინებდა.
ამ საკითხში უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა Starlink-ის მფლობელის, ილონ მასკის, პოზიციაა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მასკი ხან მხარს უჭერდა უკრაინას, ხან კი აკრიტიკებდა მას და მის დამარცხებას წინასწარმეტყველებდა. FT აღნიშნავს, რომ ვითარებას კიდევ ერთი გარემოება ართულებს: მასკს უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილო ფედოროვთან პირდაპირი კომუნიკაციის არხი ჰქონდა. ყოფილმა მინისტრმა ახლახან გააკრიტიკა კიევი და უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
ამჟამად უკრაინის ჯარებს რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისას Starlink-ის გამოყენების უფლება მხოლოდ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში აქვთ, მათ შორის - ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ ბოლო წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ფორუმი