Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის ცოლისძმა: მიუხედავად უსამართლობისა, ირაკლი არ დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე

ფოტო არქივიდან. მარცხნიდან: კახა კალაძე, ალექსანდრე თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო არქივიდან. მარცხნიდან: კახა კალაძე, ალექსანდრე თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი თავს „აუცილებელი მოგერიების ფარგლებში“ დაიცავს. ასე გამოეხმაურა ის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალდების წაყენებას.

„ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი „მეგობრის“ მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი ფეისბუკში.

ღარიბაშვილის ახალი ბრალდება

დღეს, 24 აგვისტოს დილას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორის ცნობით, გამოძიება ეყრდნობა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას - ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ამ ბრალდების წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღარიბაშვილმა ციხიდან განცხადებები გაავრცელა - ის საუბრობდა თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე. ასევე - ახალ, მოსალოდნელ ბრალდებაზე.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.

მან განაცხადა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

ექსპრემიერი პატიმრობაში

  • 2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალდება წარუდგინა;
  • მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა გამოძიებასთან ითანამშრომლა და წაყენებული ბრალი აღიარა;
  • 2026 წლის 12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - საპროცესო პირობა, რომელსაც ღარიბაშვილი დათანხმდა, ასეთია: 1 მილიონი ლარი ჯარიმა და 5-წლიანი პატიმრობა;
  • ის პატიმრობაშია 12 იანვრიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG