Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიუ კოშტა: ვაშენებთ თავდაცვით ევროპას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სიტყვას წარმოთქვამს "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე. 2026 წლის 24 აგვისტო, კიევი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სიტყვას წარმოთქვამს "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე. 2026 წლის 24 აგვისტო, კიევი.

25 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა შეუდგა ევროკავშირის დედაქალაქებში ტურნეს და წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს, რისი მიზანიც არის 2026 წლის ბოლომდე ევროკავშირის საერთო პრიორიტეტებზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროკავშირის დღის წესრიგზე შეთანხმება.

25 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პრეზიდენტი კოშტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა უმრავლესობას პირისპირ შეხვდება. განსახილველ მთავარ საკითხებს შორისაა: თავდაცვა, კონკურენცია, გაფართოება და უკრაინის მხარდაჭერა. გამჭოლი საკითხი იქნება ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი.

“დედაქალაქებში ტურნეს” დაწყებამდე ანტონიუ კოშტამ გამოაქვეყნა თვალსაზრისი - “ევროპისთვის ყურის დაგდებით ვაშენებთ მის მომავალს“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ხედვების გაცნობის მნიშვნელობას, ცვალებად სამყაროში ევროკავშირის ქმედუნარიანობის გასაძლიერებლად.

25 აგვისტოს ანტონიუ კოშტა უკვე შეხვდა სლოვაკეთის ლიდერ რობერტ ფიცოს. დღესვე დაგეგმილია მისი ვიზიტი ესტონეთის დედაქალაქში. 26 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ლატვიის დედაქალაქში შეხვდება პრემიერმინისტრ ანდრის კულბერგს. 27 აგვისტოს კი - პრაღაში გაიმართება ანტონიუ კოშტას და ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრჟეი ბაბიშის პირისპირ შეხვედრა.

25 აგვისტოს გამოქვეყნებულ თვალსაზრისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს:

„ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი არის ის, რომ მისი ყველაზე ხელშესახები სარგებელი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან ის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ჩვენ იოლად ვკვეთთ საზღვრებს. ვიზიარებთ საერთო ვალუტას ლისაბონიდან ჰელსინკიმდე და დუბლინიდან ათენამდე. ვსარგებლობთ საერთო სტანდარტებით ჩვენი გარემოს, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის დასაცავად. ბუნებრივი კატასტროფების დროს მხარში ვუდგავართ ერთმანეთს - როგორც ეს მოხდა მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრებისას, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სხვა საერთო გამოწვევების დროს. ევროპაში მოგზაურობისას, მობილური როუმინგის გადასახადზე ფიქრის გარეშე, ვინარჩუნებთ კომუნიკაციას ოჯახსა და მეგობრებთან. რეალურად, ის, რაც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, არის ათწლეულების განმავლობაში ევროპული ძალისხმევის შედეგი“.

ანტონიუ კოშტა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმნის ძლიერ ფუნდამენტს ევროპის მშენებლობის გასაგრძელებლად და რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში „უფრო ძლიერი, უფრო მედეგი და უფრო ავტონომიური ევროპა“ იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა:

„ამიტომაცაა, რომ ვაშენებთ თავდაცვით ევროპას: რომ გავაძლიეროთ საფრთხეების შეკავების შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და საბოლოოდ, აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე - მშვიდობა, რომელსაც არყევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესია. ევროკავშირმა მიზნად დაისახა 2030 წლისთვის ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერება, სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირება და პრიორიტეტული სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივად განვითარება. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, რომ ევროპის აუცილებელი გადაიარაღება მოხდეს თანამშრომლობით, დუპლიკაციისა და ფლანგვის თავიდან აცილებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის უზრუნველყოფით, რომ ამ ისტორიულმა ძალისხმევამ გააძლიეროს მთელი ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება და თავდაცვა“.

კოშტა განმარტავს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომია მოითხოვს უფრო კონკურენტულ ეკონომიკას, რასაც, მათ შორის, სჭირდება მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია, კრიტიკული მნიშვნელობის ნედლეულზე წვდომის უზრუნველყოფით. ამ ამოცანების შესასრულებლად უკვე შეთანხმებული დღის წესრიგით - „ერთი ევროპა, ერთი ბაზარი“ კონკრეტული შედეგები უნდა იყოს მიღწეული 2027 წლის ბოლომდე.

„დედაქალაქებში ტურნეს დროს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორის იქნება თავდაცვა და კონკურენტულობა, ევროკავშირის გაფართოებასა და უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად. თუმცა, მიმდინარე წელს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს შორის არის ერთი - ყველაზე პრიორიტეტული: ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე - 2028-2034 წლების გრძელვადიან ბიუჯეტზე შეთანხმება“, - წერს ანტონიუ კოშტა, რომლის განმარტებითაც, ეროვნული ბიუჯეტების მსგავსად, ევროკავშირის ბიუჯეტის ფინანსური რესურსებიც შეზღუდულია მისი დაფინანსების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული შენატანებია და ისინი რაციონალურ საზღვრებში უნდა შენარჩუნდეს.

24 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის დააჯილდოვა "ევროპის ორდენით".

ფორუმი

XS
SM
MD
LG