Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: CIA-ს დირექტორი მოსკოვში "სპეცსამსახურებს შორის კონტაქტისთვის" იმყოფებოდა

ჯონ რეტკლიფი
ჯონ რეტკლიფი

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში "სპეცსამსახურებს შორის კონტაქტისთვის" იმყოფებოდა, ამის შესახებ, The Washington Post-ის თანახმად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, რომელსაც დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.

მან რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს" განუცხადა, რომ CIA-ს დირექტორსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის კონტაქტი არ იგეგმებოდა.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ პესკოვი ორშაბათს ირწმუნებოდა, რომ კრემლს არ ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დამჯდარი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ.

25 აგვისტოს რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია CBS-ისა და Axios-ის ჟურნალისტებმა გაავრცელეს, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა დაწერა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა რეტკლიფის ვიზიტის დროს.

Wall Street Journal-მა რეტკლიფის ვიზიტის რამდენიმე შესაძლო მიზეზი დაასახელა: შესაძლო მობილიზაცია, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაძლიერება, ირანთან ომი ან მოსკოვის მიერ ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაცია.

კრემლში მომუშავე ჟურნალისტმა ალექსანდრ იუნაშევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეტკლიფის ვიზიტი გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკის შეცვლის მიზეზი. მისი თქმით, სამშაბათისთვის „ძალიან მასშტაბური ღონისძიება“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ბოლო ცნობილი ვიზიტი რეტკლიფის წინამორბედ უილიამ ბერნსს უკავშირდება. ის რუსეთში 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი თვით ადრე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG