Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ემი დიაზი და ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
ემი დიაზი და ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ეს კობახიძისა და დიაზის პირველი შეხვედრაა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება“, - ამბობს კობახიძე.

ემი დიაზი დროებითი რწმუნებულის თანამდებობას 2026 წლის ივლისიდან იკავებს. მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს - სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო.

აშშ-ის ბოლო ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, პენსიაში გასვლის გამო თანამდებობის დატოვების შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადა.

გასული ორი წლისგან განსხვავებით, წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ის საელჩოში გამართულ, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სწორედ მაშინ შეხვდა კობახიძე ელჩის მოვალეობის იმდროინდელ შემსრულებელს, ალან პერსელს.

  • აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებულია. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
  • საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG