ოკუპირებულ დონეცკში აფეთქებების ხმა გაისმა, იუწყებიან ადგილობრივი და სამონიტორინგო არხები. ქსელში ვრცელდება ქალაქში გადაღებული კადრები. მათში ჩანს, როგორ ადის ცაში კვამლი.
უკრაინული სამონიტორინგო არხი Exilenova+ წერს, რომ ქალაქზე იერიში მიიტანეს რამდენიმე რაკეტით, სავარაუდოდ, FP-5 „ფლამინგოთი“. ოფიციალურად არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს დარტყმების შესახებ არ განუცხადებია.
Exilenova+ წერს, რომ ერთი დარტყმა მოხვდა ერთი შეხედვით მიტოვებულ შენობას ილიჩის გამზირის 97 ნომერში. იქ, როგორც არხი წერს, ადრე სამეცნიერო-კვლევითი და სამრეწველო დაწესებულებები მდებარეობდა, კერძოდ, პლასტმასების უკრაინის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ფეთქებადუსაფრთხო და საბადოების ელექტრომოწყობილობების ინსტიტუტი ექსპერიმენტული საწარმოთი. იუწყებიან, რომ ახლა შენობა მიტოვებულია, თუმცა დარტყმის შემდეგ მოწმეები ჰყვებიან, რომ შენობის შიგნიდან ისმოდა ხმამაღალი ყვირილი.
რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზიანდა სავაჭრო-გასართობი ცენტრი „დონეცკ სიტი“. სახელმწიფო სააგენტოს რესპონდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
ცოტა ხნით ადრე ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონით დარტყმა მიაყენეს სამარშრუტო ავტობუსს, რომელიც ლისიჩანსკი-სტახანოვის (უკრაინული სახელწოდებაა კადიევკა) მარშრუტით მოძრაობდა.
პასეჩნიკის თქმით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი გოგონა კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან ასევე განაცხადა ოთხი დაჭრილის შესახებ. უკრაინულ მხარეს ავტობუსზე თავდასხმა არ დაუდასტურებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, ფრონტის ზონაში ვიზიტისას, განაცხადა „დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გაძლიერებაზე ორი განახლებული დაჯგუფების წყალობით“, რომელთა სარდლადაც მან დანიშნა უკრაინის ორი გმირი - დენის პროკოპენკო, „აზოვის“ 1-ლი კორპუსის მეთაური, რომელსაც თავდაცვა უკავია პოკროვსკის ჩრდილოეთით, და ანდრი ბილეცკი, მე-3 კორპუსის მეთაური, რომელიც ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ლიმანს იცავს.
ფორუმი