ბუდაპეშტი ახლა - უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ - რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს უნგრეთისთვის, ევროპისთვის და „გლობალური წესრიგისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია უნგრეთის მთავრობის მითითებებში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის დელეგაციისთვის. სესია სექტემბერში გაიმართება. დოკუმენტს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი და იგი 25 აგვისტოს გამოქვეყნდა უნგრეთის ოფიციალურ უწყებარში Magyar Közlöny.
„უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ცნობს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი“, - ნათქვამია დირექტივაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქმედებები „სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმიერკარპატეთში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას“. უნგრეთის ხელისუფლება მხარს უჭერს „ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მოლაპარაკებების წამოწყებისკენ მდგრადი მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მისაღწევად“, - ნათქვამია დირექტივაში.
დოკუმენტში არის უნგრული დელეგაციისთვის განკუთვნილი სხვა მითითებებიც, რომლებიც ეხება ბუდაპეშტის დამოკიდებულებას მიგრაციის, ღაზაში, ირანსა და ლიბანში არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგიერთი სხვა საკითხის მიმართ.
ივლისის შუა რიცხვებში უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა რომულუშ რუსინ-სენდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთს „კარს უხურავს“ და თავის მოკავშირეებთან „ნდობა უნდა აღადგინოს“. მან დასძინა, რომ რუსული დაზვერვა „უკანა კარიდან შეღწევას ცდილობდა“.
უნგრეთის ყოფილი მთავრობა ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით თუმცა აცხადებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერაზე, პარალელურად მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა მოსკოვთან, ბლოკავდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, აკრიტიკებდა კიევს და ხელს უშლიდა ევროპის სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების პაკეტების მიღებაში. ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა ორბანის მმართველობის ბოლო თვეებში, როდესაც მხარეები პირდაპირ შეურაცხყოფდნენ ხოლმე ერთმანეთს. ხელისუფლების სათავეში მადიარის მოსვლასთან ერთად ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები შესამჩნევად გათბა, თუმცა, როგორც მადიარმა დადო პირობა, უნგრეთი კვლავინდებურად არ უწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას.
ფორუმი