Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ქურთ ქალთა სამხედრო დანაყოფი სამთავრობო ჯარის ნაწილი გახდება

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

სირიელ ქურთ მებრძოლ ქალთა „ქალთა დაცვის დანაყოფებმა“ (YPJ) 27 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განიხილა თავისი მებრძოლების მთავრობის ძალებში ინტეგრირების საკითხი.

განცხადება გავრცელდა ორი დღის შემდეგ მას შემდეგ, რაც სირიელი ქურთი მებრძოლების მეთაურმა, მაზლუმ აბდიმ, დამასკთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გამოაცხადა
„სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) დაშლის
შესახებ.

YPJ შედიოდა ამ ძალების ნაწილი იყო.

YPJ-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობა ოთხშაბათს შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლის დროსაც „დადასტურდა “ქალთა დაცვის დანაყოფების”, როგორც სპეციალური და ორგანიზებული ძალის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ინტეგრირების შესაძლებლობა“.

განცხადების თანახმად, შეხვედრები გაგრძელდება „ინტეგრაციის პროცესის დასასრულებლად და საბოლოო სახის მისაცემად“, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც ხელი მოეწერა აბდისა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის იანვარში.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ქურთი მებრძოლები სირიის არმიაში უნდა გაერთიანდნენ, სამხედრო უწყება ამჟამად თავის რიგებში ქალებს არ იღებს.

ქურთულმა სამხედრო წყარომ AFP-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ 1 500 მებრძოლი ქალი ინტეგრირებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში.

სამშაბათს აბდიმ გამოაცხადა SDF-ის მისიის დასრულება და „მათი, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ძალის დაშლა“ მას შემდეგ, რაც „დასრულდა ჩვენი ძალების სირიის არმიის ბრიგადებში ინტეგრირების პროცესი“.

SDF წარმოადგენდა დე ფაქტო არმიას იმ ნახევრად ავტონომიური ადმინისტრაციისა, რომელიც ქურთებმა სირიის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოაყალიბეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ტერიტორიების ხელში ჩაგდების შემდეგ.

თუმცა ვაშინგტონი მოურიგდა სირიის ახალ ისლამისტურ ხელისუფლებას, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაამხო ხანგრძლივი მმართველი ბაშარ ასადი.

მანამდე სირიის ახლანდელი მმართველი ტერორისტთა სიაში იყო შეყვანილი.
ქურთი მებრძოლების ინტეგრაცია სახელმწიფოში წარმოადგენს შარაას მცდელობის ნაწილს, განავრცოს სახელმწიფო კონტროლი მთელ ქვეყანაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG