იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა ადგილობრივ მოსახლეობას უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხის შესახებ 28 აგვისტოს დილით აცნობა. მისი განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იაროსლავიდან მოსკოვის მიმართულებით გზაზე მოძრაობა გადაიკეტა (გზის ეს მონაკვეთი, როგორც წესი, „სლავნეფტ-იანოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს იკეტება).
მან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ „დრონით თავდასხმის შედეგების აღმოფხვრის აუცილებლობის გამო, იაროსლავში №98 და №28 საბავშვო ბაღები დაკეტილია“ და ბავშვები გადაამისამართეს სხვა სკოლამდელ დაწესებულებებში.
მოგვიანებით, გუბერნატორმა დრონით თავდასხმის შედეგად ერთი დაღუპულისა და 27 დაშავებულის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 10 მათგანი საქალაქთაშორისო ავტობუსზე დრონის ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაშავდა. ამასთან ევრაევმა დაწერა, რომ „მტრის 67-ვე დრონი განადგურდა“, ზიანი დრონის ნამსხვრევებმა გამოუწვია.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი დააფიქსირა NASA FIRMS-ის სატელიტურმა სერვისმა.
Славнефть-ЯНОС-ი რუსეთის ხუთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია და არაერთი თავდასხმის სამიზნე გამხდარა. მისი წლიური სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და რეაქტიულ საწვავის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსული არმიის ლოგისტიკისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევენ. ის უკვე რამდენჯერმე დაბომბეს.
დრონებით შეტევა იყო სარატოვის ოლქზეც. რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დრონის საფრთხის შესახებ განაცხადა. „ასტრა“, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ აფეთქებების ხმა ენგელსშიც ისმოდა. Supernova+-ის თანახმად დარტყმის სამიზნე ენგელსის სამხედრო აეროდრომი იყო და იქ, სავარაუდოდ, ტუ-95 ტიპის რაკეტმზიდი ბომბდამშენი იწვის. აეროდრომზე თავდასხმის და თვითმფრინავის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ტელეგრამის არხების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ღამით „მაგნიტის“ ქსელის სუპერმარკეტს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „ასტრა“ წერს, რომ ქალაქის თავზე შავი კვამლი ამოდიოდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა მოგვიანებით დაადასტურა მაღაზიაზე დარტყმის ფაქტი.
მისი თქმით, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე პოლიკლინიკის შენობა დააზიანა: ჩამსხვრეულია ფანჯრები. თუმცა პოლიკლინიკა მუშაობს.
რუსეთის დარტყმა უკრაინაზე
კიევის ოლქში, რუსული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა აღნიშნა, რომ კიევსა და კიევის ოლქში უკვე მეორე დღეა, საჰაერო თავდასხმის სირენები „ფაქტობრივად განუწყვეტლივ“ ისმის.
რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ბილოგოროდკის თემში მდებარე „ნოვა პოშტას“ საწყობებს შეუტიეს და სვიატოპეტროვსკში მდებარე საწარმოო ობიექტები დააზიანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბილოგოროდკის ხელმძღვანელზე, ანტონ ოვსიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფორუმი