Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-მა კისრის ბალიში უფასო ნივთების ჩამონათვალიდან ამოიღო

„ვიზეარი“ ქუთაისიდან 20-ზე მეტ ქალაქში დაფრინავს
„ვიზეარი“ ქუთაისიდან 20-ზე მეტ ქალაქში დაფრინავს

ერთ-ერთმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizz Air-მა, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს, ბორტზე ასატანი უფასო ნივთების ჩამონათვალიდან კისრის ბალიში ამოიღო. 

„თუ გსურთ ბორტზე კისრის ბალიშის ატანა, ის ხელბარგში უნდა იდოს. თუ ხელბარგი აღემატება დაშვებულ ნორმას, ის შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს დიდი ან დამატებითი ბარგის ტარიფს“, - წერია კომპანიის ვებსაიტზე.

დამატებით საკომუნიკაციო კომპანია Key Comm-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „კისრის ბალიშები არ განიხილება, როგორც ცალკე უფასო ნივთი მისი ხელბარგის პოლიტიკის ფარგლებში“.

არსებული წესების მიხედვით, სტანდარტული ბილეთის შეძენის შემდეგ მგზავრს შეუძლია ბორტზე უფასოდ აიტანოს:

  • ან ლეპტოპის ჩანთა;
  • ან ჩანთა;
  • ან პატარა ზურგჩანთა.
ფოტო Wizz Air-ის ვებსაიტიდან.
ფოტო Wizz Air-ის ვებსაიტიდან.

თვითმფრინავში ატანილი უფასო ბარგი შეიძლება იყოს 10 კგ-მდე და ზომებით კი უნდა იყოს 40 x 30 x 20სმ.

უფასო ნივთების ჩამონათვალში რჩება:

  • ქურთუკი;
  • ტელეფონი;
  • ბორტზე საკითხავი მასალა;
  • Duty Free-ში ნაყიდი ნივთები;
  • ფრენის დროს გამოსაყენებელი ჩვილის საკვები;
  • ყავარჯენი / ეტლი.

2026 წლის აპრილში „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გაავრცელა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ბაზრის 20% სწორედ ამ კომპანიაზე მოდის.

  • Wizz Air Hungary – 20% (326 670 მგზავრი);
  • Georgian Airways – 9% (148 955 მგზავრი);
  • Pegasus – 8% (133 520 მგზავრი);
  • Turkish Airlines – 8% (119 899 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines – 6% (91657 მგზავრი).

საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან „ვიზეარი“ მხოლოდ ქუთაისიდან დაფრინავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG