მოსკოვის მეორე დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ პარასკევს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკურ კომენტატორს, ვიდეობლოგერსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველ ოლექსი არესტოვიჩს არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელებისა და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებების მუხლებით. ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან იუწყება „მედიაზონა“. განაჩენის თანახმად, პირველი სამი წელი არესტოვიჩმა ციხეში უნდა გაატაროს.
ბრალდება 15 წლით კოლონიას ითხოვდა, საქმე ერთ დღეში, დახურულ რეჟიმში განიხილეს.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში, არესტოვიჩი იყო ინტერნეტის რუსულენოვან სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეობლოგერი, რომელიც პროუკრაინული პოზიციიდან ეწეოდა მოვლენების კომენტირებას. იმ დროს მას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. რუსეთში მას ბრალად წაუყენეს 2022 წლის 8 აპრილის პუბლიკაცია კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შესახებ, ასევე 2022 წლის 17 მარტის ვიდეო, რომელშიც ის, გამოძიების ვერსიით, რუსეთში რკინიგზების განადგურების მოწოდებით გამოდიოდა. ამასთან, მას დაუსწრებლად პატიმრობა მხოლოდ 2024 წელს შეუფარდეს - მას შემდეგ, რაც მან მრჩევლის პოსტი დატოვა, უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და წავიდა უკრაინიდან, სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.
არესტოვიჩი კვლავინდებურად უძღვება Youtube-არხს, რომელსაც ხელმომწერთა დიდი რაოდენობა ჰყავს. რუსეთის მოქმედებების დაგმობასთან ერთად, იგი უკრაინის ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა რუს ჟურნალისტ იულია ლატინინასთან, რომლის პოზიციასაც რუსი ოპოზიციონერებისა და უკრაინელი კომენტატორების ნაწილი კრემლის მხარდამჭერს უწოდებს. ცოტა ხნის წინ არესტოვიჩმა ამ თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადა.
ფორუმი