Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეში რუსეთის იერიშის შედეგად განადგურდა სპირტიანი სასმელების ცნობილი ქარხანა "ხორტიცა"

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად განადგურდა ლიქიორ-არყის ქარხანა „ხორტიცა“ - ალკოჰოლური ჰოლდინგ Global Spirits-ის უდიდესი საწარმოო მოედანი. ამის შესახებ „NV Бізнес“ იუწყება კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, რუსეთის სამხედროებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს საწარმოს, ხანძარი სულ მცირე სამი საათი გრძელდებოდა. ქარხანა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო კომპანიის პროდუქცია დაიწვა ან დადნა და ახლა მისი უტილიზაცია უნდა მოხდეს.

დაკარგულია 3-4 მილიონი ბოთლი პროდუქცია გადახდილი აქციზით, რომელთაგან თითოეულის საშუალო ღირებულება 100 გრივნას (დაახლოებით 2,2 დოლარს) შეადგენს, ნათქვამია პუბლიკაციაში.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა 27 აგვისტოს გამოაქვეყნა ალმოდებული შენობის ფოტოსურათი. მან განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი კომპანიის საწარმოო ფართობები. საწარმოს სახელი მას არ მიუთითებია.

„რბკ-უკრაინას“ მონაცემებით, 27 და 28 აგვისტოს რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ „ეპიცენტრის“ მარკეტებს ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, „ნოვა პოშტას“ საწყობებს კიევის ოლქსა და სუმიში, „როშენის“ საწყობსა და სხვადასხვა ქსელების სადისტრიბუციო ცენტრებს კიევის ოლქში. უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს სავაჭრო ქსელების კუთვნილი კვების პროდუქტების საწყობების დაახლოებით 90%.

Global Spirits-ის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანიას ეკუთვნის ბრენდები „ხორტიცა“, Gold Ukraine, „მოროშა“, „პერვაკი“, „მედოვაია“, „პშენიჩნაია სლეზა“ და სხვები.

ჰოლდინგის დამფუძნებელია უკრაინელი ბიზნესმენი ევჰენ ჩერნიაკი. 2023 წლის დეკემბერში უკრაინაში მას დაუსწრებლად შეატყობინეს რუსული აგრესიის დაფინანსებაში ეჭვის შესახებ იმის გამო, რომ ბიზნესმენის ჰოლდინგმა განაგრძო ბიზნესის წარმოება რუსულ კომპანიებთან. აცხადებდნენ, რომ 2022 წელს მხოლოდ გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით Global Spirits-ში შემავალმა საწარმოებმა რუსეთის ბიუჯეტში დაახლოებით 14 მილიარდი რუბლი გადარიცხეს.

უკრაინული გამოძიების მონაცემებით, მან თავის საწარმოები დაქვემდებარებულ პირზე დაარეგისტრირა და მოახდინა მათი სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება რუსეთში. „Коммерсант“-ი წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ Global Spirits-მა უკან გამოითხოვა ლიცენზიები რუსეთში პროდუქციის გამოშვებასა და გაყიდვაზე, ხოლო ჰოლდინგის საწარმოები გადავიდა ალექსანდრ ბესპალოვთან. თუმცა 2024 წელს ჰოლდინგის ყველა აქტივის ნაციონალიზაცია მოხდა და შემდგომში გასაყიდად ისინი გაიტანეს. თვითონ ჩერნიაკს რუსეთის ფედერაციაში დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით კოლონია ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG