ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული სააგენტოს (NDRRMA) ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქვეყანაში 626 ადამიანი დაიღუპა, 2426 კი დაკარგულად ითვლება.
სააგენტომ განახლებული მონაცემები სოციალურ ქსელში 29 აგვისტოს, დილით გაავრცელა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა დაკარგულად მიჩნეულთა რაოდენობაც. ერთი დღით ადრე კატასტროფების მართვის სააგენტო 1924 დაკარგული ადამიანის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
ასობით ცხედრის ამოცნობა შეუძლებელია
ნეპალის სამხრეთ-ცენტრალურ ტერაის რეგიონში მდებარე ჩიტვანის რაიონის ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად ნაპოვნი 233 ცხედრიდან მხოლოდ ოთხის იდენტიფიცირება მოხერხდა.
„სამედიცინო დაწესებულებებსა და მდინარეების ნაპირებზე ნაპოვნი ცხედრები და ნეშტები გახრწნილია და მათი ამოცნობა უკვე შეუძლებელია“, - ნათქვამია ჩიტვანის რაიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დანარჩენი 229 ცხედარი დროებით განთავსებულია სპეციალურ ცენტრებში და სამედიცინო დაწესებულებებში. ოფიციალური პირების ცნობით, მათი იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება დნმ-ის ნიმუშების აღება და აღრიცხვა.
რა მოხდა ნეპალში
ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში, 26 აგვისტოს, დილით, სავარაუდოდ, მყინვარის ჩამოშლას კლდის, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების უზარმაზარი ნაკადის მთის მდინარეთა სისტემებში მოხვედრა მოჰყვა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.
- ნეპალის ოფიციალური პირების თავდაპირველი ინფორმაციით, რეგიონში მომხდარ მიწისძვრას შესაძლოა მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამოშლა გამოეწვია, რასაც შემდეგ წყალდიდობა მოჰყვა.
- აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის მაგნიტუდა, რომელიც თავდაპირველად 4.4-ად შეფასდა, რეალურად მყინვარული ქანებისა და ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ენერგია იყო, რასაც ნამსხვრევებისა და ტალახის მასის გადაადგილება მოჰყვა.
- ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დააფიქსირა გირონგში მდებარე, ამჟამად კაშხლით შეკავებული ტბისგან მოსალოდნელი საფრთხე. ტბა მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტიბეტ-ნეპალის სასაზღვრო პუნქტის ზემოთ, დინების მიმართულებით მდებარეობს და მისი შესაძლო გარღვევა სამაშველო ოპერაციებს მთიან რეგიონში მნიშვნელოვნად გაართულებს, იტყობინება CCTV.
ფორუმი