ის საქმეში დაურ ბუავას მეგობრების თხოვნით ჩაერთო.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს და ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია საგამოძიებო ორგანო:
„ოჯახი, როგორც ვიცი, მოსკოვში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, მათთან კონტაქტი არ მაქვს. მე მეგობრების თხოვნით ჩავერთე საქმეში. ჩვენ გამოძიების ვერსიას არ ვეთანხმებით. ეს არის მხოლოდ ვერსია და არ არის დადასტურებული აღნიშნული ფაქტი. ჩვენ ვაპირებთ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. ახლა ვართ დამოუკიდებელი ექსპერტის მოძიების პროცესში“.
ადვოკატის ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი უკრაინის მოქალაქეა და ის სამართალდამცავებმა 29 აგვისტოს დააკავეს: "მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია გამოძიებამ მომაწოდა".
დაურ ბუავას მეგობრების თქმით, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ახალგაზრდა კაცი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ვარჯიშობდა, დარბოდა.
რას ამბობს შსს?
29 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, „სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა“.
შსს განცხადებით, ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა“
„ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
- აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
- ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
- ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.
ფორუმი