რუსეთის არმიამ 29 აგვისტოს ღამეს დარტყმები განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, კიევის ჩათვლით. ყველაზე ძლიერი იერიში ნიკოლაევზე იყო. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ქუჩებში არ გავიდა ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ნიკოლაევის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შესახებ - ლოგისტიკური ცენტრის ჩათვლით. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის არმიის მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში, ასევე კერძო სახლებში. იუწყებიან, რომ დაშავდა ორი ადამიანი.
წინა საღამოს კიევის ოლქში, ბუჩის რაიონის სოფელ მილაიაში მოხდა აფეთქება და ძლიერი ხანძარი, იყო შემდგომი დეტონაციის შემთხვევებიც. უკრაინის ხელისუფლების განცხადებების თანახმად, დარტყმა განხორციელდა საბრძოლო მასალების საწყობზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, სერგი კორეცკიმ მომხდარი შეადარა აფეთქებას და ხანძარს, რომელიც 6 ივლისს იყო ვიშნიოვოში - სადაც დარტყმა ასევე საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა ეს "დანაშაულებრივ გულრგილობად" აღწერა. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ვრცელდება ცნობები დაღუპულების და დაჭრილების შესახებ, თუმცა მათ რიცხვს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. 200-მდე ადამიანი ევაკუაციას დაექვემდებარა, გადაიკეტა ავტომაგისტრალი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოფელ მილაიაში დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე. გარდა ამისა, რუსეთი აცხადებს იერიშზე "ფიმ სერვისის" ლოგისტიკურ ცენტრზე - რომლის საწყობებიც, რუსეთის განცხადებით, გამოიყენებოდა ფრთიანი რაკეტების კომპონენტებისთვის. ამ ცნობების დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
რუსეთის იერიშების შედეგად ერთი დაღუპულის შესახებ იუწყებიან დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის მთავრობები.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, საერთო ჯამში უკრაინის თავდაცვამ ამ ღამეს ჩამოაგდო 233 დრონი 267-დან, 15 ადგილას დრონი სამიზნეს მოხვდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართა რამდენიმე რაკეტაც.
ფორუმი