Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე, აშშ-ის სანქციების გაძლიერების ფონზე

ჰორმუზის სრუტე (საილუსტრაციო ფოტო)
ჰორმუზის სრუტე (საილუსტრაციო ფოტო)

ირანის ლიდერები აღიარებენ დარტყმას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიადგა აშშ-სთან ომის შედეგად. უზენაესი ლიდერი მთავრობას მოუწოდებს ზომები გაატაროს სირთულეებთან მიმართებით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცხოეთთან ვაჭრობა მესამედით შემცირდა, აშშ-ის სანქციებისა და ბლოკადის გამო. ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

თუმცა, სააგენტოს ცნობით, თეირანი 29 აგვისტოსაც ავრცელებს მესიჯს, რომ უკან დახევას არ აპირებს, რომ გაუძლებს აშშ-ის ზეწოლას, მიმართავს დიპლომატიას და, მისი განცხადებით, შეინარჩუნებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე. ეს სტრატეგიული სრუტე ირანისთვის ბერკეტად იქცა, რადგან მისით შესაძლებელია წყვეტის გამოწვევა ენერგიის გლობალურ ბაზრებზე.

აშშ-ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე მოლაპარაკება ჩიხშია შესული, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააძლიერა ზომები ირანის ეკონომიკის წინააღმდეგ.

ვაშინგტონი ქვეყნებს აფრთხილებს გაწყვიტონ ბიზნეს-კავშირები ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მეორადი სანქციები ემუქრებათ. თუმცა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციები არ დაუწესებია ირანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორებისთვის, მაგალითად ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის - რასაც, შესაძლოა, შედეგები მოჰყოლოდა აშშ-ის და გლობალური ეკონომიკებისთვისაც.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ეგვიპტის Banque Misr-ს, თეირანთან ბიზნესის წარმოებისთვის - სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით დოლარის ტრანსაქციებიდან იზოლირებული იყოს ბანკის დანაყოფები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ეგვიპტის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამ საკითხზე კონტაქტი აქვთ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და დასძენს, რომ ზომა მიემართება მხოლოდ Banque Misr UAE-ის აშშ-ის დოლარის ტრანსაქციებს, შესაბამის ბანკებთან.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ასევე ჰონგ-კონგში განთავსებულ უწყებას და პირს, რომელსაც კავშირი აქვს ირანის Bank ‌Melli-სთან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაზე დაყრდნობით.

სანქციების ეფექტი ემატება ომით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ირანის ეკონომიკაზე - გასულ თვეში ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელი იქ 66 პროცენტს გაუტოლდა.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას მერე, რაც დაიჭრა 28 თებერვლის თავდასხმისას, რომელსაც ემსხვერპლა მისი მამა და უწინდელი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. Reuters-ის თანახმად, ირანში მისი სახელით გავრცელდა წერილობითი განცხადება, რომელშიც ის ხელისუფლებას ეკონომიკურ სირთულეებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ ირანის ექსპორტი და იმპორტი შემცირებულია 35 პროცენტამდე მოცულობით, აშშ-ის სანქციების და ირანის პორტების ბლოკადის გამო. თუმცა, მისი თქმით, ირანმა დაახლოებით 90 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა შეძლო იმ მოკლე პერიოდში, როცა მოქმედებდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამ დოკუმენტს აშშ-მა და ირანმა ივნისში მოაწერეს ხელი და მაშინ ვაშინგტონმა უფლება გასცა ირანის ნავთობის გაყიდვაზე.

აშშ-ის სამხედრო მეთაურების განცხადებით, ამერიკის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში გააუვნებელყვეს ნაღმები, რომლებიც იქ თვეების წინ დაამონტაჟეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა.

ტრამპმა ბევრჯერ თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა - მაგრამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამბობს, რომ ეს "აშკარა ტყუილია". ირანი აცხადებს, რომ სრუტეზე ირანის ნებართვის გარეშე ხომალდები ვერ გადიან.

Reuters-ი ავრცელებს საზღვაო გადაზიდვების წინასწარ მონაცემს - რომ ხუთშაბათს სრუტეზე გაიარა მხოლოდ შვიდმა სატვირთო ხომალდმა, მაშინ, როცა ერთი დღით ადრე მათი რიცხვი 17 იყო.

XS
SM
MD
LG