Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ ნაწილობრივ კონტროლს დაამყარებს ვენესუელის ნავთობის მარაგებზე

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა და ვენესუელამ გააფორმეს "ყველაზე მსხვილი სანავთობე გარიგება მსოფლიოს ისტორიაში", რომლის თანახმადაც აშშ, კერძო ბიზნესთან პარტნიორობით, კონტროლს დაამყარებს 65 მილიარდ ბარელზე მეტ ნავთობზე, ვენესუელის დადასტურებული მარაგებიდან.

როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ვენესუელის მთელი მარაგის დაახლოებით მეხუთედს.

ტრამპის თქმით, შეთანხმება გაფორმდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მოლაპარაკების შედეგად.

როდრიგესმა დაადასტურა შეთანხმება აშშ-სთან და განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისა და შემოსავლების ზრდას.

აშშ-მა იანვრის დასაწყისში ვენესუელაზე დარტყმები მიიტანა და შეიპყრო ქვეყის ხელმძღვანელი, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი - მათ ნარკოტერორიზმში დასდეს ბრალი. მადურო აშშ-ის მიმართ მტრული დამოკიდებულებით იყო ცნობილი.

სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ახალი შეთანხმებით მნიშვნელოვნად გაფართოვდება აშშ-ის როლი ვენესუელის ნავთობის მრეწველობაში. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ბიძგი მისცეს წარმოებას ქვეყანაში და მოიპოვოს ნედლი ნავთობი აშშ-ის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის. ვენესუელა ფლობს ნავთობის მსოფლიოში უდიდეს დადასტურებულ მარაგს, თუმცა აწარმოებს შესაძლებლობაზე ბევრად ნაკლებს, დღეში მხოლოდ 1,25 მილიონ ბარელს - ათწლეულების განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობის, არასწორი მმართველობისა და სანქციების გამო.

გავრცელებული ვარაუდით, აშშ-ის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების დიდი რაოდენობის ნავთობით მომარაგებას ქვეყანაში მოჰყვება საწვავზე ფასების შემცირება. ეს საკითხი მწვავეა მათ შორის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვისაც - საწვავზე ფასების ზრდა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ტრამპის მხარდამჭერთა საარჩევნო შედეგზე.

Reuters-ის ცნობით, ვენესუელის ოფიციალური წარმომადგენლები მომავალ კვირაში მოაწერენ ხელს შეთანხმებებს, რომლებიც რამდენიმე კომპანიას, აშშ-ის ფირმების ჩათვლით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვებისა და წარმოების უფლებას მიანიჭებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG